“150 დეპუტატი ავიაკატასტროფაში რომ მოყვეს და 90 გადარჩეს, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს” – გიგი უგულავა

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა:
არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია როდის დაწერს განცხადებას პარლამენტის მიტოვებაზე. არც პარლამენტის ლეგიტიმურობა განისაზღვრება პირველი სხდომით მხოლოდ. კონსტიტუცია აწესებს პარლამენტის ფუნქციონირებისთვის, ლეგიტიმურობისა და უბრალოდ რესპექტაბელობის მარტივ წესს. 150 ადამიანისგან შემდგარი ორგანო, რომ რამესთვის ვარგოდეს, ხალხი მას პატივს სცემდეს, უცხოელები პარტნიორად აღიქვავდნენ, ამისთვის ასი კაცი მაინც უნდა ამბობდეს, რომ ვარ დეპუტატი. თუ ეს ნორმა ირღვევა ბუნებრივად დგება ლეგიტიმაციის საკითხი, გინდ ეს პირველ სხდომაზე იყოს გინდ მეხუთეზე. ამიტომ, როგორ ან რა დროსაც არ უნდა დაწერონ დეპუტატებმა განცხადება, მას შემდეგ რაც რეალური დეპუტატების ოდენობა ასს ჩამოცდება, ის პარლამენტი აღარაა ლეგიტიმური და ეს პირდაპირ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან. კერძოდ, “პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.” რატომ წერია ეს ნორმა? პირველ სხდომას ხომ უბრალო უმრავლესობა სჭირდება? უბრალო უმრავლესობითაც ხომ შეიძლება კანონების მიღება, მთავრობის, ბიუჯეტის დამტკიცება? ბოლო ბოლო ამ ასში ხომ შეიძლება უმრავლესობაც იყოს და ოპოზიციაც? კი ეს ყველაფერი შეიძლება, მაგრამ 150 კაციან ორგანოს ასი კაცი მაინც სჭირდება, რომ ლეგიტიმურ პარლამენტად იყოს აღქმული. კონსტიტუციის ეს ნორმა პირველ სხდომაზე საუბრობს, მაგრამ აწესებს პარლამენტის ლეგიტიმური ფუნქციონირების საფუძველს. ესაა პარლამენტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნა, რასაც კონსტიტუცია აწესებს.
დავანებოთ თავი პოლიტიკურ კრიზისს. 150 დეპუტატი ავიაკატასტროფაში რომ მოყვეს და 90 გადარჩეს (უმრავლესობა უმცირესობიანად, მაგრამ 76 უმრავლესობა რომც შენარჩუდეს), ახალი უნდა დაინიშნოს, რადგან 150 კაციანი პარლამენტი ასი კაცით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი.
ამიტომ, ვინ როდის დაწერთ პარტიებმა თავად გადაწყვიტეთ. მთავარია, რომ მაგ სიმულაციურ პარლამენტში ას კაცზე ნაკლები, ამ შემთხვევაში 89 რუსის მონა, დარჩეს.