პურის დისტრიბუციის ჯარიმები პროდუქტის ფასზე აისახება – მწარმოებლები პასუხისმგებელ უწყებებს მიმართავენ

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის დისტრიბუციაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში გაწერილი ჯარიმები იმდენად დიდია, რომ ეს პურის ფასზე გავლენას იქონიებს.
გაერთიანების ხელმძღვანელმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებსა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს მიმართა. მისი ინფორმაციით, პურის ორ მსხვილ მწარმოებელზე – “იფქლი დიღომსა” და “იფქლზე” სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში 25 000 და 30 000 ლარის ჯარიმები გაიწერა. მალხაზ დოლიძე იმასაც აღნიშნავს, რომ პურის ფასი ბოლო 2-3 წელია არ გაზრდილა, თუმცა დღეისთვის, პურის დისტრიბუციაზე გაწერილი ჯარიმები ამ მხრივ გამოწვევას წარმოადგენს.
„გაჩნდა ახალი გამოწვევები, რომლებიც ნამდვილად საფიქრალია. მინდა მოვუწოდო იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ეს ევალებათ. პურის ქარხნებს დისტრიბუციის მხრივ ძალიან დიდი ჯარიმები მოუვიდათ, ეს საკითხი დასახვეწია. პურს ყოველთვის მიწოდების განსაკუთრებული პირობები ჰქონდა, იმიტომ რომ პური პირველადი მოხმარების პროდუქტია და მაღაზიის მოთხოვნისთანავე უნდა მიეწოდოს პური. ის წესები, რომელიც ქალაქში გადაადგილებისას შემოიღეს… ჩვენთან სავაჭრო ცენტრები ისე არ არის მოწყობილი, რომ მისაღები ბაქანი ცალკე ჰქონდეს, არ არის ღამის მიღების საათები, რაც დასახვეწი თემაა… ამ შემთხვევაში პურის მწარმოებელი მარტო იმისთვის, რომ ვაჯარიმოთ, რომ ის პურს აწვდის, ძალიან საკამათო საკითხია.
ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ პარლამენტს და თბილისის მერიას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პასუხისმგებელ სამსახურებს ხელი შეუწყონ პურის მწარმოებლებს, რადგან ეს ჯარიმები საბოლოოდ პურის თვითღირებულებაზე აისახება. გაწერილი ჯარიმები 25-30 ათასი ლარის ჯარიმები გაიწერა.
დისტრიბუტორი როცა ჯარიმდება ეს არის წარმოების ხარჯი და ვიღაცამ ამაზე უნდა იფიქროს, რადგან მხოლოდ ჯარიმებით საქმე ვერ გაკეთდება, რადგან არის მაღაზიები რომლებსაც პური დღეში სამჯერ მიეწოდებათ. წარმოებისთვის ყველა ნიუანსი საფიქრალია. თავისთავად თვითღირებულებას ეს თანხები აწვება“, – განმარტა მალხაზ დოლიძემ და დასძინა, რომ პურის მწარმოებლები პურის ფასის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებენ, რადგან ეს პირველადი მოხმარების პროდუქტია და მოსახლეობის განწყობების გასათვალისწინებელია.
„ძალიან გვინდა, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს, მაგრამ გაიგონ გამგებმა ორგანიზაციებმა, ეს იქნება საგზაო სამსახური, თუ ვინც აწესებს ამ წესებს, რომ პურპროდუქტების ბიზნესს სჭირდება ხელშეწყობა. რადგან პურპროდუქტებს ყოველთვის განსაკუთრებული პირობები ჰქონდათ, რომელიც ისევ უნდა მუშაობდეს“, – აღნიშნა პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
პურის დისტრიბუციასთან დაკავშირებით მედიაცენტრ „მთავარში“ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი სამუშაო ჯგუფის ფორმატში გადაწყვეტას საჭიროებს.
„ბოლო თვეებში ძალიან დიდი რაოდენობის დისტრიბუციის ჯარიმები გაიწერა, რაც პურის კალკულაციაში უფრო მეტი გამოწვევა შეიძლება იყოს, ვიდრე ფქვილის ფასი, რომლის ფასი დღეს სტაბილურია. დღეს პურის თვითღირებულებაზე კრიტიკულად მონაწილეობს დისტრიბუციისთვის გამოწერილი ჯარიმები, რომელიც დასარეგულირებელია. ეს საკითხი, ალბათ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა განიხილოს – მერიის სამსახური, საპატრულო პოლიციის სამსახური, წარმოებები… – მოსახლეობისთვის პურის მიწოდების ისეთი სქემა უნდა მოიძებნოს, რომ მიწოდების არც შეფერხება გაჩნდეს და დისტრიბუტორების მოტივაცია იყოს, რომ სწორად დაპარკინგდნენ. ეს გამოწვევა თუ ახლა არ გადაწყდა, გართულდება“, – აღნიშნა სილაგავამ.