დებიტორული დავალიანებების ამოღების წესი იცვლება – ბიზნესს შენიშვნები აქვს

შემოსავლების სამსახურმა ამოუღებელი დებიტორული დავალიანებებისა და გადახდილი ავანსების დაბეგვრის მიდგომა შეცვალა. მეთოდური მითითების მიხედვით, საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების “გონივრულ ვადაში” გადაუხდელობის შემთხვევაში, უწყება თანხებს ანაზღაურებულად ჩათვლის და მას საშემოსავლო გადასახადით დაბეგრავს. იგივე მიდგომა გავრცელდება საქონლის ან მომსახურების შესაძენად გადახდილი ავანსების შემთხვევაშიც.
“დებიტორულ დავალიანებებზე ახლა გვაქვს სიტუაციური სახელმძღვანელო, რომელიც განმარტავს, თუ დებიტორული დავალიანება არსებობს და კომპანიას მისი ჩამოწერა უნდა, საგადასახადო კოდექსი მოითხოვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობდეს, რომ პირი გადახდისუუნაროა, თუმცა იგივე სახელმძღვანელო ამბობს, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილება არ გაქვს, შეფარდება უნდა გაკეთდეს, მოთხოვნასა და ამოღებაზე დაკავშირებული ხარჯები რა დაჯდება. თუ შეუსაბამობაშია, სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, რისთვისაც იურისტი უნდა დაიქირაო, სარჩელი დაწერო. ამას მეტი თანხა სჭირდება და სასამართლო უშვებს, ამ შემთხვევაში თანხა ჩამოგეწეროს. რაც შეეხება ახალ მეთოდურ მითითებას. თუ ვალთან მიმართებით არ გაქვს დოკუმენტი, რომ გადახდისუნარიანია, უპირობოდ უნდა დაიბეგროს. ეს ერთ-ერთი თვალში საცემი პრობლემაა, რაც ბიზნესის მხარეს აუარესებს”, – აცხადებს Grant Thornton Georgia-ს საგადასახადო მენეჯერი, ნათია ჩაგანავა.
იურისტებს და ბიზნესმენებს შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებაზე რამდენიმე შენიშვნა აქვთ. დოკუმენტში მითითებული არ არის, რას ნიშნავს “გონივრული ვადა” და რა პერიოდს გულისხმობს ის. იურისტები არ გამორიცხავენ, რომ შემოსავლების სამსახურის მიდგომა სუბიექტური გახდეს. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ახალი მიდგომა გასულ წლებში დაგროვილ დავალიანებებზეც გავრცელდეს.
“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ვადა არის, სადაც სუბიექტური მიდგომები შეიძლება იყოს. ვადაც რომ კარგად განმარტებული იყოს, არის სხვა ბევრი პრობლემა. მეთოდური მითითება წინა პერიოდზეც გავრცელდება. ამასთან, ისეთი ელემენტარული საკითხები არ არის დაკონკრეტებული, როგორიცაა, რა ხდება მაშინ, როცა დავალიანება დაიბეგრა, შემდეგ კი კომპანიამ ვალი გადაიხადა. ფული მეორედ უნდა დაიბეგროს? ერთი შეხედვით ტექნიკური ცვლილებაა, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემაა”, – აღნიშნავს Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი, დავით პაპიაშვილი.
ბიზნესში აღნიშნავენ, რომ ცვლილება ყველა სექტორს შეეხება, განსაკუთრებით, დისტრიბუტორებს. “დისტრიბუტორთა ასოციაციაში” აცხადებენ, რომ ახალი მიდგომა ყველა სადისტრიბუციო და მწარმოებელი კომპანიისთვის პრობლემა იქნება. “მცირე მაღაზიათა ასოციაციაში” კი რომ კერძო მაღაზიებს დისტრიბუტორებისგან მიწოდებული პროდუქციის გაყიდვა, ხშირ შემთხვევაში, ისე უწევთ, რომ თანხას მოგვიანებით იხდიან. ეს ვადა კი, სანდრო სუბელიანის თქმით, შესაძლოა, 2-3 წელზე მეტი იყოს.