ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, რეაბილიტაცია მოიცავს სასახლის იატაკის საფარს, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP-შემოსასვლელის, ავეჯისა და სხვა სივრცეების მოწესრიგებას. შენარჩუნდება ისტორიული მასალები და სპორტის სასახლე აღიჭურვება საჭირო მოწყობილობებითა და სისტემებით, განათების, ხმის, ვიდეო, ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, რიგირების, ტრანსლაციის, გამყოფ, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის სისტემებისა და მოწყობილობების ჩათვლით.
იგეგმება ასევე სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების ფუნქციის აღდგენა, მეტროში ჩასასვლელი კიბეებისა და მიმდებარე სივრცეების კეთილმოწყობა, ღია კორტების მოწყობა, საპარკინგე ზონის მოწესრიგება, სატრანსპორტო გეგმის დარეგულირება.
სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაცემულია კომპანია „ლოჯიკ გრუპისთვის“.