გერმანიაში მცხოვრები ქართველი ანტრეპრენიორის, თამაზ გიორგაძის ფინტექ-კომპანია Raisin-ი Fintech Germany Award-ზე გამოარჩიეს და ზრდის, ანუ განვითარების გვიან ეტაპზე მყოფ საუკეთესო კომპანიად დაასახელეს. როგორც Raisin-ის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს ჯილდო კომპანიამ ბოლოდროინდელი წარმატების შედეგად მიიღო, რაშიც მოგებაზე გასვლა იგულისხმება. როგორც შარშან გახდა ცნობილი, Raisin-ის მართვაში არსებული აქტივების მოცულობამ €50 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის შეფასება €1 მილიარდის ტოლია.
Raisin-ი საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც დეპოზიტარებს მათთვის სასურველი ბანკების პოვნას უმარტივებს. მარტივად რომ ვთქვათ, Raisin-ის აპლიკაციის მეშვეობით, საბანკო დეპოზიტებზე არსებულ სხვადასხვა შეთავაზებებს მომხმარებლები ერთ აპლიკაციაში ხედავენ, რაც სასურველი პროდუქტის არჩევის პროცესს უმარტივებთ. თუმცა სადეპოზიტო სერვისის გარდა, Raisin-ი მომხმარებლებს საინვესტიციო და საპენსიო პროდუქტებსაც სთავაზობს. ამ დროისთვის, Raisin-ი რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში და ევროკავშირის სხვა რამდენიმე წევრ სახელმწიფოში. Raisin-ის სერვისებს მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს, ხოლო კომპანიას 400-მდე პარტნიორი ბანკი ჰყავს, რომლებიც 30-ზე მეტ იურისდიქციაში ოპერირებენ.
Fintech Germany Award-ი 2016 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ჯილდოდ იქცა. დაჯილდოების ორგანიზატორი ბრიტანული TechFluence-ია, ხოლო თავად ჯილდო სხვადასხვა კატეგორიების და განვითარების ეტაპზე მყოფ სტარტაპებს გადაეცემათ, რომლებიც გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს დააფიქსირებენ.