ლისის ტბის ბუნებრივ გარემოში, ,,თიბისი”-ს ახალი ოფისი, რომელიც შატილისა და სვანური კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, სრულად 2025 წლის ზაფხულში გაიხსნება. ინოვაციურ სივრცეში მუშაობას ბანკის 2 ათასამდე თანამშრომელი შეუდგება. შენობის პროექტზე ჰოლანდიურმა არქიტექტურულმა კომპანიამ ,,UN Studio”-მ იმუშავა. პროცესში არქიტექტორები საქართველოს ისტორიას გაეცნენ და ტრადიციულ კოშკებს თანამედროვე ვიზუალი მიანიჭეს. ,,თიბისი”-ს ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი გვანცა მურღვლიანი პროექტზე მუშაობის შესახებ გვიყვება.
,,UN Studio ცნობილია თავისი ნამუშევრებით. მათი გაკეთებულია ჩვენი ქუთაისის აეროპორტი, რომელიც საინტერესო არქიტექტურული პროექტია. შესაბამისად, შენობის შიგნით დაპროექტება იქნება თუ დიზაინი ყველაფერ UN Studio აკეთებს. ქართველი არქიტექტორები ამაში ჩართული არ არიან. შენობა გარედან უკვე დასრულებულია. მართლაც შთამბეჭდავი არქიტექტურული ნამუშევარია. ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტი და სათავო შენობა იქნება მთელს რეგიონში.”- აცხადებს გვანცა მურღვლიანი.
,,თიბისი”-ს ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ პროექტზე მუშაობის დროს კომპანიამ თანამშრომლების ინტერესები გაითვალისწინა და ახალი ოფისიც მათ კომფორტს მოარგო. ასე შეიქმნა ინოვაციური სამუშაო სივრცე.
,,სივრცეების განაწილებაში ჰოლანდიური კომპანია გვემუშავა. მათთან ერთად გავაკეთეთ თანამშრომლების საქმიანობის ანალიზი, რომლის მიხედვითაც სივრცე ზონებად დაყავით, რადგან ყველა თანამშრომელს განსხვავებული სამუშაო სპეციფიკა აქვს. ზოგს აქტიური სამუშაო გარემო სჭირდება, ზოგს კი – ინტელექტუალური კვლევისთვის შესაბამისი სივრცე და ა.შ. ამიტომ სივრცე დავყავით ფოკუს ზონებად. შესაბამისად გადავანაწილეთ ავეჯიც. სამუშაო მაგიდები და სკამებიც ევროპული ხარისხისაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვა. შესაბამისად, ავარჩიეთ მაღალი ხარისხის, კომფორტული ავეჯი, რათა თანამშრომელს ხერხემალი არ დაუზიანდეს. აქცენტი გავაკეთეთ თანამშრომლებზე და მათ კარგად ყოფნაზე. შენობაში გვექნება სავარჯიშო დარბაზი, რომლითაც თანამშრომლები ისარგებლებენ. ასევე იქნება კაფეტერია, რომელიც თანამშრომლებს ჯანსაღ და ყველა ადამიანის გემოვნებაზე მორგებულ საკვებს შესთავაზებს. შენობაში ასევე გათვალისწინებულია რელიგიური უმცირესობების ინტერესები. მათთვის იქნება სამლოცველო ოთახი. გათვალისწინებულია დეკრეტიდან გამოსული ქალი თანამშრომლების საჭიროებებიც. მათთვის მოეწყობა სპეციალური ოთახი, სადაც შეძლებენ პირადი ჰიგიენის დაცვას, მათ შორის, ლაქტაციის პერიოდში. დღეს ასეთი ოთახები არ ვიცი რომელიმე კომპანიას თუ აქვს. ასევე ვიფიქრეთ სწორ განათებაზეც, რათა ადამიანებს თვალები არ დაუზიანდეთ.”- აცხადებს გვანცა მურღვლიანი.
,,თიბისი“-ს სათავო ოფისი მულტიფუნქციური იქნება და ის სხვადასხვა დატვირთვის სივრცეებს გააერთიანებს. მათ შორის არის ლაბორატორია.
,,გავაკეთებთ ინოვაციების ლაბორატორიას. ეს იქნება სივრცე, რომელიც ჩვენს თანამშრომლებსა და ასევე სხვა არათიბისელ დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, შექმნან პროდუქტების პროტოტიპი და ამ სივრცეში გატესტონ იგი. შექმნილი იქნება კრეატიული გარემო. ამ სივრცეში ვგეგმავთ ჰაკათონების ჩატარებას. მოკლედ, გვინდა შევქმნათ გარემო, სადაც ხელს შევუწყობთ ინოვაციებს და ტექნოლოგიების განვითარებას.”- აცხადებს გვანცა მურღვლიანი.
კომპანიას ახალი სათავო ოფისი 2024 წელს უნდა გაეხსნა, თუმცა სამშენებლო პროცესი დროში გაიწელა, რის გამოც გახსნამ 2025 წლის ზაფხულისთვის გადაიწია. 18 სართულიანი შენობა 63 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. კომპანიის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ახალი ოფისის მდებარეობაც, რადგან საჭიროა ქალაქიდან მოშორებით ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ ეტაპზე შენობის ღობის პროექტირება მიმდინარეობს. პროექტზე ჰოლანდიური კომპანია ,,ტელარტი” მუშაობს. კომპანიის წარმომადგენლები თბილისში ვიზიტით იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ ქალაქის არქიტექტურა და ბუნება შეისწავლეს.
,,თიბისი”-ს ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი გვანცა მურღვლიანი იმედოვნებს, რომ მათი კონცეფციით შექმნილი სამუშაო გარემოში სხვა კომპანიებისთვის მაგალითი იქნება და ისინიც თანამშრომლებზე მორგებულ გარემოს შექმნიან.
,,ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება მაგალითი სხვა კომპანიებისთვისაც. ამ სივრცეში ყველაფერი არის გათვლილი თანამშრომლების კეთილდღეობაზე და მათზე ზრუნვაზე რადგან გუნდი არის ამ ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი. ისინი ქმნიან ამ ორგანიზაციას და ამიტომ გვინდოდა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ეს ადამიანები კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობენ თავს და სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი კრეატიული იდეების გენერირებისთვის.”- აცხადებს გვანცა მურღვლიანი.