რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონის, ჩეჩნეთის, გამომძიებლებმა ახალი საქმე აღძრეს სამი ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერის დაპატიმრებული დედის, ზარემა მუსაევას წინააღმდეგ.
მუსაევას ადვოკატმა, ალექსანდრ სავინმა, 11 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის გამოძიება მიმდინარეობს “მცველზე თავდასხმისა” და ციხეში წესრიგის “დარღვევის” გამო და რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას დამატებით ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
55 წლის მუსაევა, რომელსაც უფლებადამცველი ჯგუფი “მემორიალი” პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს, დააპატიმრეს თაღლითობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რასაც ის და მისი მხარდამჭერები უარყოფენ.
მისი პატიმრობის ვადა 2025 წლის მარტის ბოლოს იწურება.
მუსაევა არის დედა იბრაგიმის, აბუბაქარისა და ბაისანგურ იანგულბაევების, რომლებიც რუსეთიდან გაიქცნენ ჩეჩნეთის ხელისუფლების მხრიდან მათი დევნის გამო. ისინი ღიად აკრიტიკებდნენ ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, რომელსაც კრემლი უჭერს მხარს.
ფორუმი