ქართულ ბიზნესს სჭირდება ევროპელი პარტნიორები – მირანდა მანჯგალაძე

რითეილ-ექსპერტ მირანდა მანჯგალაძის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება ძლიერი ევროპელი პარტნიორი, ქართულ ბიზნესს – ევროპელი პარტნიორები.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება მოძრაობა მხოლოდ წინ და არა – ერთ წრეზე“, – ამბობს ის.
მირანდა მანჯგალაძეც იმ მოქალაქეების რიცხვშია, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ გზაზე და გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესი. შესაბამისად, კითხვას – საით მიდის საქართველო – წერტილი უნდა დაესვას.
„ჩემი სურვილია, ქართველმა ხალხმა, იქნება ეს ბიზნესი, არჩეული მთავრობა თუ ოპოზიცია, აღასრულოს კანონის უზენაესობა, ის რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია გაწერილი და ყველა გზა გამოინახოს იმისთვის, რომ განვვითარდეთ და აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება.
რა არის ეს ნება? – ილიას დავესესხები და დავამატებ, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი პარტნიორი, საქართველოს სჭირდება ევროპელი პარტნიორი, ევროპული სახის ბიზნესის განვითარება, ევროპელი მომხმარებლის მოთხოვნები, რაც ინფორმირებულობაზეა დამყარებული და ნიშნავს მაღალ სტანდარტს უსაფრთხოებასა თუ ხარისხში. თუ მომხმარებელი იქნება ძლიერი ქვეყანაში, ბიზნესიც იქნება ძლიერი. ძლიერი ევროპელი პარტნიორების ყოლა განავითარებს როგორც FMCG სექტორს, ისე მომხმარებელს, ბიზნესს და მთელ საზოგადოებას“, – ამბობს მირანდა მანჯგალაძე.
მისივე აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ევროინტეგრაცია არ გაგრძელდა, უფრო მეტი მოქალაქე დატოვებს ქვეყანას, რაც მძიმედ აისახება მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე.
“ჩემს ირგვლივ და დარწმუნებული ვარ, თქვენს ირგვლივაც არიან ახალგაზრდები, რომლებიც მოუსვენრად არიან და ფიქრობენ ქვეყნიდან წასვლაზე – ზოგი სწავლის მიზეზით, ზოგიერთი – დასაქმების… ჩემთვის ეს მომაკვდინებელი ფაქტია, რადგან არ მინდა, ამ ქვეყნიდან ვინმე გადიოდეს და მით უმეტეს ახალგაზრდა, მოაზროვნე, დასაქმებული ადამიანები, რომელთაც გარკვეული პირობები აქვთ, მაგრამ უკეთესისკენ მიიწევენ, რადგან ხედავენ საფრთხეს, რომ აქ ვერ განვითარდებიან და საკუთარი ბედნიერებისთვის ზრუნავენ. ამდენად, ევროინტეგრაციის შეჩერება და ახალგაზრდების, ე.წ. ტვინების გადინება, აუცილებლად შექმნის კრიზისს არა მხოლოდ ეკონომიკის რომელიმე სექტორში, მაგალითად, FMCG ბაზარზე, არამედ – ზოგადად“, – აცხადებს მირანდა მანჯგალაძე.