გახარიას პარტია განმარტავს, რატომ არ მიმართავს ცესკოს საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით

მას შემდეგ, რაც ორმა კოალიციამ ს მათი საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, პარტიის “გახარია – საქართველოსთვის” წევრებმა განმარტეს, რატომ არ აკეთებენ ისინი იმავეს.
ნათია მეზვრიშვილმა და ბექა ლილუაშვილმა განმარტეს, რომ კანონმდებლობა მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს. მეზვრიშვილმა სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას “იურიდიული ნონსენსი” უწოდა, ლილუაშვილმა კი ისინი პოპულიზმში დაადანაშაულა.
ამის მიუხედავად ორივე მათგან ხაზგასმით ამბობს, რომ პარლამენტს მათი ლეგიტიმაცია არ ექნება.
“არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131). როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას. კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს. არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ”, – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
ლილუაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია “ცვლილებებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, ცესკოსთვის ისეთი მოთხოვნით მიმართვით, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, “საკუთარ ამომრჩეველში კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევენ”.
“მსგავსი ქმედების საფუძველი კანონში არ არსებობს. ჩვენ ძალიან კარგად ვუსმენთ ჩვენს ამომრჩეველს და მივყვებით ჩვენს თანმიმდევრულ გეგმას და ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯებით ჩვენზე ზემოქმედებას ვერავინ ვერ მოახდენს. მათი ქმედება კიდევ, პოტენციურად, შეძლება “ქართული ოცნების” ინტერესში შედიოდეს იმ თვალსაზრისით, რომ ამაზე შეიძლება გამოვიდნენ და დასცინონ პირდაპირ”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ის, რომ პარტიების საარჩევნო სიის წევრებისთვის რეგისტრაციის გაუქმება ცესკოს არ შეუძლია, განმარტა უწყების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სანტურიანმაც. მისი თქმით, ეს შეუძლებელია როგორც პარტიული, ის ინდივიდუალური მიმართვის შემთხვევაშიც.
საარჩევნო სიის წევრებისთვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დღეს, 12 ნოემბერს, ცესკოს მიმართა ორმა კოალიციამ – “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” და “კოალიცია ცვლილებებისთვის”. ორივე კოალიციის წევრებმა შესაბამის განცხადებებს ხელი კამერების წინ, პირდაპირ ეთერში მოაწერეს.
ბრიფინგი არ გაუმართავს კოალიცია “ძლიერი საქართველოს”, თუმცა “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ ამ პროცედურას თავადაც გაივლიან. კითხვების გაჩენის შემდეგ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კოალიციის წევრები ცესკოსთვის მიმართვის განცხადებას წერენ.