გუმისთის ხიდი გახსნილია – RESPUBLICA – Netgazeti • აფხაზეთი • Netgazeti.ge

ტელეგრამ არხ “RESPUBLICA-ს” ინფორმაციით, გუმისთის ხიდზე მოძრაობა უკვე აღდგა.
სოხუმში შესასვლელი გუმისთის ხიდი, რომელიც დასავლეთ აფხაზეთს სოხუმთან აკავშირებს, ამ დრომდე დაბლოკილი იყო აფხაზური ოპოზიციის მხარდამჭერთა მიერ. ამასთან, დაიბლოკა კოდორის ხიდიც, რომელიც სოხუმს აღმოსავლეთ რეგიონებთან აკავშირებს.
უკანასკნელი ინფორმაციით გაათავისუფლეს კიდევ ერთი დეპუტატი – ალმასხან არძინბა.
საპროტესტო ტალღის ფონზე, წინა დღეს დაკავებული ოთხი ოპოზიციონერი, ასლან გვარამია, ომარ სმირი, რამაზ ჯოპუა და გარი კოკაია გაათავისუფლეს.
აფხაზეთში პროტესტის ტალღა მოჰყვა რამდენიმე ოპოზიციონერის დაკავებას. 12 ნოემბერს, გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები დაბლოკეს. დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავეები დაისჯებიან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზური ოპოზიცია 15 ნოემბერს, იმ დღეს, როცა პარლამენტი სა და ს საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.
რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების შეღავათებით განხორციელების საშუალებას აძლევს, რასაც მოკლებული არიან ადგილობრივი კომპანიები.აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.დოკუმენტს ხელი მოაწერეს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.“შეთანხმება მოიზიდავს დამატებით რუსულ ინვესტიციებს რესპუბლიკის ეკონომიკაში და, ამრიგად, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, სანატორიუმების მკურნალობისა და დასვენების განვითარებას. დოკუმენტი ასევე მნიშვნელოვანია, რადგან მისი მოქმედება მიმართულია დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – გაზმომარაგებაზე, წყალმომარაგებაზე, სითბოს მიწოდებაზე, ტრანსპორტზე, სოციალურ და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე”, – განაცხადა რეშეტნიკოვმა.აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტიციები გადამწყვეტ როლს თამშობს აფხაზეთში დე ფაქტო ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის პროცესში.
“ბოლო პერიოდში რესპუბლიკაში მაღალი საინვესტიციო აქტივობა შეინიშნება. 4 წლის განმავლობაში ძირითადი კაპიტალის ინვესტიციების მოცულობა 2,5- ზე მეტით გაიზარდა და გადააჭარბა 11 მილიარდ რუბლს. დადებით დინამიკას ადასტურებს საშუალო თვიური ხელფასის ზრდაც, მშპ-ს ზრდა და ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების გაორმაგება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხოთ თვისებრივად ახალი მიდგომის დემონსტრირება – ვამცირებთ სახელმწიფო ინვესტიციების დონეს და გავზრდით კერძო ინვესტიციების დონეს. ეს არის ხარისხობრივი ცვლილებები, რასაც ხელს შეუწყობს მთავრობათაშორისი შეთანხმება, ვინაიდან საუბარია ძალიან დიდ ინვესტიციებზე. ასეთი საინვესტიციო პროექტები ძირეულად შეცვლის რესპუბლიკაში დასაქმების საერთო სურათს”, – ამბობს ოზგანი.

ასევე დაგაინტერესებთ