“ქართული ოცნების” მოღალატეობრივი რიტორიკა “გლობალური ომის პარტიისა” და “მეორე ფრონტის” შესახებ, რუსეთის ხელში, მნიშვნელოვან იარაღად იქცა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ უკვე აქტიურადაა გამოყენებული, – ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 6 ნოემბერს, ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” სისტემატურმა რიტორიკამ, თითქოს საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნის გეგმა აქვთ, წარმოშვა ოკუპირებულ აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ე.წ. საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის აუცილებლობა.
“მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან საზღვრების ოფიციალურად დადგენას და ამ მოთხოვნას საფუძვლად “მეორე ფრონტის” შესახებ ივანიშვილის პროპაგანდისტულ ნარატივს ასახელებს. აღნიშნული მოთხოვნა რუსულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის მიმდინარეობისას ოფიციალურად დააყენა.
ამასთან, რუსულმა მხარემ დღის წესრიგში დააყენა შვეიცარიიდან მოლაპარაკებების ადგილის სხვა ქვეყანაში გადატანა, რაც ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის ცვლილების მცდელობის ნაწილია. ჟენევის ფორმატის გადახედვა რუსეთის მრავალწლიანი მცდელობაა, რაც მიზნად ისახავს საქართველოსა და რუსეთის მარტო, ერთი-ერთზე დარჩენას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების – აშშ-სა და ევროკავშირის მოლაპარაკებებში მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს მოღალატე ხელისუფლების რუსული პროპაგანდა “მეორე ფრონტისა” და “გლობალური ომის პარტიის” შესახებ არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციით, ის მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.
საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესს და ემსახურება რუსეთის იმპერიალისტურ ამოცანებს.
ჩვენი პასუხისმგებლობაა დავასრულოთ მოღალატე რეჟიმი და სახელმწიფო ჩავაყენოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში”, – განაცხადა ხოშტარიამ.