საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი მეომრები ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაჯილდოების ცერემონია დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა.
„საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და სამშობლოს წინაშე მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის, საქართველოს ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრები.
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ:
ლევან ქეცბაია – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მე-2 საარმიო კორპუსის, 23-ე ბრიგადის საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი (სიცოცხლეში);
ბესარიონ მამუკელაშვილი – მაიორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სპეციალური დანიშნულების რაზმის „იუპიტერის“ უფროსი (სიკვდილის შემდეგ);
სპარტაკ მარხულია – პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი II საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილე (სიკვდილის შემდეგ)
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდნენ:
ბადრი ბაღათურია – ლეიტენანტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი;
კობა მირზაშვილი – უმცროსი ლეიტენანტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი;
მალხაზ გაჩეჩილაძე – პოლკოვნიკი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის I სამმართველოს (ოპერატიული) სპეცდავალებათა ოფიცერი;
დაჯილდოების ცერემონია დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში ანგი ხუციშვილი ესწრებოდნენ“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.