ეს არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, გადაწერილი შედეგებით და ამის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
მისი შეფასებით, „ხელისუფლება არის თვითმარქვია“ და ოპოზიცია მანდატებზე უარს ამბობს.
მივმართეთ კონკრეტულ პროცედურას და მოვითხოვთ, რომ შემაჯამებელ ოქმამდე იყოს ეს განცხადებები წარდგენილი, რომ ჩვენი სახელებითა და გვარებით, არავითარი პროცედურა არ განახორციელოს ცესკო-მ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცედურას მივმართოთ. ამით კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ რა მექანიზმიც არ უნდა დაგვჭირდეს, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ პარლამენტის არალეგიტიმურობა იყოს ცნობილი. ეს არის აბსოლუტურად თვითმარქვია პროცესი, ხელისუფლება არის თვითმარქვია. რეალურად, ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის. ეს არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, გადაწერილი შედეგებით და ამის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ. ჩავხსენით სიები, ინდივიდუალური განცხადებით დასაბუთებულად მივმართავთ ცესკოს, რომ არ შეიყვანოს ჩვენი სახელები და გვარები შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი პარტიების სიიდან. ფაქტობრივად, სამართლებრივად დასაბუთებულია, რომ პარლამენტი ვერ შედგება“,-განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ მიიღო.