კახა კალაძე – ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა

ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია ეს არ არის მეგობრობა, ეს არის პირდაპირ მტრობა, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, 11 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას.
მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები შეურაცხყოფას აყენებენ ქართულ სახელმწიფოებრიობას და პატივს არ სცემენ სუვერენიტეტს.
კალაძის განმარტებით, ეს არის ის დამოკიდებულება, რაც ყველა ღირსეული ქართველისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ადამიანები აყენებენ შეურაცხყოფას ქართულ სახელმწიფოებრიობას, პატივს არ სცემენ სუვერენიტეტს, ქვეყნის დამოუკიდებლობას და ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმ ყველაფრისა, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში, ბოლო წლებია პირდაპირ ვსაუბრობთ. ზუსტად ეს არის ის დამოკიდებულება, რაც კატეგორიულად მიუღებელია ყველა ღირსეული ქართველისთვის.
ესენი არიან უსამშობლო ადამიანები – გვყავს ასეთები ქვეყნის შიგნით, რომელთათვისაც საქართველო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიაა, თუმცა ქვეყანაში გვყავს ადამიანების უმრავლესობა, რომელთათვის საქართველო ეს არის სამშობლო, ქვეყანა, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ, უყვართ და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებაც არჩევნებზე. ის რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის პირდაპირ მტრობა. ეს არის პირდაპირ მოწოდებები იმისთვის, რომ ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, საზოგადოება გახლიჩონ, რასაც ბოლო წლებია ვისმენთ. ეს არის ჩვეულებრივი მტრობა, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 11 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ გაიმართა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით მიმართეს 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა.