რუსეთის სამხრეთ რაიონის სამხედრო სასამართლომ დაამტკიცა განაჩენი ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი კონტრაქტორის, მანუჩერ ბეკნაზაროვის საქმეზე – თვითდასახიჩრებისა და სამხედრო ნაწილის უნებართვო მიტოვების გამო მას თავისუფლების ექვსი წლით აღკვეთა მიუსაჯეს.
განაჩენში ნათქვამია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ნაწილში მყოფმა ბეკნაზაროვმა თავში ნაჯახი ჩაირტყა და მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ბეკნაზაროვი არ იმყოფებოდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე.
“კავკაზ.რეალიის” ცნობით, დაცვის მხარე ცდილობდა განაჩენის გასაჩივრებას და სასამართლოს სთხოვდა, მხედველობაში მიეღო ის ფაქტი, რომ ბეკნაზაროვს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო ადრე მიღებული აქვს ომის ვეტერანის სტატუსი და სახელმწიფო ჯილდო.
მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, რადგან ჩათვალა, რომ განაჩენის გამოტანის დროს უკვე გათვალისწინებული იყო ყველა შემამსუბუქებელი გარემოება.
ავადმყოფობის ან თვითდაზიანების სიმულაციით სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების შესახებ მუხლი რუსეთში, ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.