გაზარდე საკუთარი ტყე – „თეგეტა“ რუსთავში გამწვანების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში „ ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ ჩაერთო. გამწვანების მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე 1000 ნერგი დაირგო. Grow your own forest/გაზარდე საკუთარი ტყე – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც რუსთავის შუაგულში არსებული მტკვრის ჭალის აღდგენას ისახავს მიზნად. გამწვანების აქცია პროექტის „ნაპირზე“ ორგანიზებით დაიგეგმა და ის თანხვედრაშია რუსთავის ჭალის განვითარების სტრატეგიასთან.
რუსთავის ჭალა მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე დაახლოებით 300 ჰექტარს მოიცავს. აქ 140-მდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. ქალაქის ადგილმდებარეობა სპეციალურად განისაზღვრა მტკვრის ჭალის გარშემო, რადგან მდინარის მიერ ჭალის ტყის გავლით მოტანილ ჰაერის ნაკადს რუსთავის ინდუსტრიული ზონის განიავების ფუნქცია უნდა შეესრულებინა. სწორედ ამიტომ ჭალის ტყის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პროექტში, მხარდაჭერის პარალელურად, „თეგეტას“ 20-მდე თანამშრომელიც ჩაერთო.
თათია ხორბალაძე, „ს“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „გარემოს დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. მსგავსი პროექტების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც გარემოზე ზრუნვას პრიორიტეტად მიიჩნევენ და ამ მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივის ავტორები არიან. ამჯერად პარტნიორობას Tegeta.care-ის ახალ პარტნიორთან, პროექტთან „ნაპირზე“ ვიწყებთ. ამ თანამშრომლობის პირველი საერთო აქტივობა სწორედ გამწვანების მასშტაბური აქციაა. გვიხარია, რომ ხეების დარგვა იმ პროექტის ნაწილია, რომელმაც ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს მტკვრის ჭალას.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტში „თეგეტას“ თანამშრომლებიც ჩაერთვებიან. ამ გზით ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ასევე ჩვენს წვლილს შევიტანთ ქალაქ რუსთავის გამწვანებასა და მისი ეკოსისტემის გაუმჯობესებაში“.
„თეგეტას“, „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და პროექტის „ნაპირზე“ თანამშრომლობის საფუძველი პრიორიტეტების თანხვედრა გახდა. „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია სწორედ გარემოზე ზრუნვის ეგიდით შეიქმნა 2022 წელს და მას შემდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად აქცია.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობა პირდაპირ კავშირშია გარემოზე ზრუნვასთან. კომპანიის პროფილი სპეციფიკური ნარჩენების მართვაა, რაც მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას გულისხმობს. გარემოსთვის მავნე ნარჩენების გადამუშავების პარალელურად, ხელს აქტიურად ვუწყობთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გამწვანებას, ტყეების გაშენებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას მოიცავს. რუსთავის ჭალა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა 90-იანი წლებიდან ვითარება შეიცვალა: ტყე გაიჩეხა, ბიომრავალფეროვნება გაუარესდა და ეკოსისტემა მოირღვა. „თეგეტა გრინ პლანეტში“ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და კარგად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ამ მიდამოებისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნების ხელშეწყობაში. იმედი გვაქვს, რომ პროექტთან თანამშრომლობით სამომავლოდაც ვიქნებით ამ ძალიან კარგი და ფართომასშტაბიანი ინიციატივის მხარდამჭერები“.
რუსთავის ჭალისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების იდეა ენთუზიასტ მეგობრებს გაუჩნდათ. ასე შეიქმნა პროექტი „ნაპირზე“. ჭალის აღდგენის პირველი ეტაპი ქალაქში მდინარისპირა ტყის გაშენებას გულისხმობდა. პირველი საველე გასვლები და აქტივობები, მოხალისეებთან ერთად, 2023 წლის გაზაფხულიდან დაიგეგმა.
დათა ცინცაძე, პროექტის „ნაპირზე“ თანაავტორი: „პროექტზე ექვსი ადამიანი ვმუშაობთ. ჩვენ რუსთავში გავიზარდეთ და კარგად ვაცნობიერებთ რეალობას, რომელიც ამ ტერიტორიაზე ბოლო ათწლეულებში შეიქმნა. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები ჭალის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. გვსურდა, თითოეულ მოქალაქემდე მიგვეტანა ინფორმაცია რუსთავის ჭალისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. აქაურობა გაიჩეხა, ასევე არანაკლები პრობლემაა ტერიტორიის სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურებაც. ადგილობრივი ეკოსისტემა დაირღვა და ქალაქმა გაწყვიტა კავშირი ამ უნიკალურ ტერიტორიასთან. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ამ კავშირის აღდგენაა.
„თეგეტასთან“, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ და კიდევ სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამჯერად დავრგეთ დამატებით 1000 ხე. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა“ აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი კომპანია კერძო სექტორიდან, რომელმაც პარტნიორობის სურვილი გამოთქვა და გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ჩვენთან ერთად იტვირთა“.
პროექტის ფარგლებში, რუსთავის ჭალის გამწვანებასთან ერთად, მთლიანად მდინარე მტკვრის რეაბილიტაციაზე იგეგმება მუშაობა. ამ ფართომასშტაბიან ჩანაფიქრზე პროექტის „ნაპირზე“ შემქმნელები საერთაშორისო პარტნიორებთან, მკვლევრებთან და მოხალისეებთან ერთად მუშაობენ. ამ პროცესში კი კერძო სექტორის ჩართვა დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, რათა გარემო უკეთესობისკენ შეიცვალოს.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.