ეროვნულ ბანკს შეუძლია, სავალუტო რეზერვები სრულად დახარჯოს, იგი შეზღუდული არ არის- ლევან სურგულაძე

ფინანსისტი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით ფინანსური სისტემის და ბაზარზე ფასების სტაბილურობა დაიცვა, რითაც თავისი კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულა. რაც შეეხება დახარჯულ რეზერვებს, ფინანსისტის აზრით, მისი პირვანდელ ნიშნულამდე შევსება ეკონომიკური ზრდის პირობებში, მარტივად მისაღწევია.
„მაკროეკონომიკური სტაბილურობა სავალუტო რეზერვების შევსების მთავარი გარანტიაა. ამჟამად საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლამის ორნიშნა. საახალწლო პერიოდი მოდის, შესაბამისად სავალუტო შემოდინებები გაიზრდება, გაზაფხულიდან კი ტურისტული ნაკადების შემოსვლაც დაიწყება.
თუ ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა და პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობა იქნება, მაშინ ჩემი მოლოდინია, რომ ეროვნულ ბანკს შეეძლება პირვანდელ დონემდე ან პირვანდელ დონესთან მიახლოებულად თავისი რეზერვები ნაწილ-ნაწილ შეავსოს.
Fitch-ი ამბობს, რომ რეზერვების ამ რაოდენობით გაყიდვა არაადეკვატურია, აცდენილია ზღვარს, რომელიც ჩვენ რეიტინგს არ შეესაბამება, ასე ნამდვილად არ არის, რადგან სამი თვის იმპორტი, უნდა დააფინანსოს ეროვნული ბანკის რეზერვმა, ეს არის ადეკვატურობის ერთ-ერთი ტესტი.
დათვლის შედეგად, 2024 წლის მონაცემებით, წელიწადში ჩვენი იმპორტი 1.33 მილიარდია, 3.3-ზე რომ გავამრავლოთ, 4 მილიარდამდე გამოდის, შესაბამისად, არც ისეთი საგანგაშო და დაბალ ნიშნულზეა, რომ ამაზე ძალიან მწვავე რეაქცია გვქონდეს“,- აღნიშნა ლევან სურგულაძემ.
რაც შეეხება ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრ გაუფასურებას, სურგულაძის შეფასებით, ეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აჟიოტაჟური რეაქციაა. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული 60 მლნ დოლარის სავალუტო ინტერვენცია დროული და სწორი იყო, რათა ფასების სტაბილურობა დაეცვა.
„ლარის გაუფასურება საარჩევნო პერიოდს უკავშირდება. სხვა ქვეყნებშიც იყო ასეთი აჟიოტაჟური სიტუაცია, მაგალითად, საფონდო ბაზრებზე იყო კრიზისი, მაგრამ ჩვენ საფონდო ბაზარი არ გვაქვს და ეს ჩვენი პრობლემა ვერ იქნებოდა, თუმცა სავალუტო ბაზარი გვაქვს და იქ იყო აჟიოტაჟი. ეს არის სისტემური ხარვეზებით გამოწვეული რყევა, ანუ ვოლატილობა. ეროვნულ ბანკს კონსტიტუციით ევალება, რომ მან უნდა დაიცვას ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობა და ფასების სტაბილურობა, მას ამის უფლება კი არა ვალდებულება აქვს. რომ არ ჩარეულიყვნენ და ლარი მიეშვათ, მოხდებოდა შემდეგი: უფრო მეტი აჟიოტაჟი, მეტი პანიკა, ლარის დაცემის დაჩქარება. ეს უკვე საფრთხეს შეუქმნიდა ფინანსური სისტემის სტაბილურობას და ასევე ფასების სტაბილურობას.
გარდა საარჩევნო პერიოდისა, არავითარი საფუძველი იმისა, რომ ლარი დასუსტებულიყო არ გვაქვს; შესაბამისად, შეიქმნა ეს არასისტემური, აჟიოტაჟური მოთხოვნა, რაც როგორც წესი ს წელს ჩვეულებრივი ამბავია“,- თქვა ლევან სურგულაძემ.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული პოლიტიკური არასტაბილურობის გათვალისწინებით, სებ-ს რეზერვების გაყიდვა ისევ მოუხდეს.
„არ არის გამორიცხული, ეროვნული ბანკი რეზერვების გაყიდვის წინაშე ისევ დადგეს; თუ მღელვარება გაგრძელდა, ხალხმა საფრთხე დაინახა და დოლარის შესყიდვა დაიწყო.
არც ერთ კანონში ეროვნული ბანკი არ იზღუდება, რა რაოდენობის ინტერვენციები შეუძლია განახორციელოს. არსად არ წერია მაქსიმუმი, შეუძლია სულ დახარჯოს[სავალუტო რეზერვები], ოღონდ მან უნდა მიაღწიოს მთავარ მიზანს- ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოს“,- აღნიშნა საპენსიო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა.