ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა ძამბოლატ თედეევმა ოსურ მედიასთან განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთისთვის [დე ფაქტო – რედ.] საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნა სასარგებლო იქნება”. ოს დეპუტატს მიაჩნია, რომ ახლა გზის გახსნა რუსეთზეა დამოკიდებული. თუმცა, მისივე თქმით, ეს ფაქტი, პირველ რიგში, “დადებითად აისახება ცხინვალის ბიუჯეტზე.”
“დღეს, როდესაც ჩვენი უფროსი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ სანქციებია დაწესებული, მისთვის გზების განბლოკვაა საჭირო. ამის შესახებ რუსეთის უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. თუ ჩვენ გავხსნით ტრანზიტს, მაგალითად, ირანში, აზერბაიჯანში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში და ჩვენი ბიუჯეტი მიიღებს ფულს, რომლითაც ჩვენ დავუჭერთ მხარს ჩვენს პენსიონერებს, შშმ პირებს, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ეს ცუდი იქნება?” – ამბობს ტედეევი.
მისი თქმით, 2008 წელს, როდესაც “გზა დაიკეტა, სანაცვლოდ არაფერი შესთავაზეს.” თედეევი დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელი პირობები განსხვავდება დე ფაქტო რესპუბლიკაში ომამდელი ვითარებისგან.
“2008 წლამდე ჩვენ თავს დაცულად არ ვგრძნობდით, რადგან “ჩვენი უფროსი ძმა” არ იყო ახლოს. დღეს რუსეთმა თავის თავზე აიღო ჩვენი საზღვრებისა და ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება. დღეს იქ მე-4 სამხედრო ბაზაც დგას. ჩვენი სუვერენიტეტი დარჩება ისეთი, როგორიც არის, მიუხედავად იმისა, გზა გაიხსნება თუ დაიკეტება,” – ამბობს ის.
ტედეევმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსახლეობის გადინება “კატასტროფულ” მაჩვენებელზეა – ხალხი სახლებს ტოვებს სამუშაოს არქონისა და იმის გამო, რომ “სამხრეთ ოსეთში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე ვლადიკავკაზში.” მან ასევე შესთავაზა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან გზის გახსნის საკითხის განხილვაც.
“მთავარი ამოცანა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის შენარჩუნებაა. დღეს ჩვენ გვჭირდება ეკონომიკურად განვითარება. დღეს ჩვენ გვჭირდება სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა. პარლამენტში ოთხი პარტიაა. შევკრიბოთ ისინი, გავმართოთ დიალოგი და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები, რომლებიც ოსეთის მიმართ გულგრილები არ არიან, გარედან მოისმენენ და გარკვეულ დასკვნას გამოიტანენ. ჩვენ მოვახდენთ ამის ინიციირებას. ჩვენ ერთად მოვუსმენთ მას [წინადადებას], ერთად მივალთ რაღაც კარგ დასკვნამდე”.
