საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უარი თქვა ევროკავშირის სახელმწიფოთა პარლამენტების დეპუტატებთან შეხვედრაზე.
თბილისში იმყოფებიან გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც დღეს, 11 ნოემბერს დილით შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის თხოვნაზე უარის მიზეზი ევროპელ დეპუტატებს წერილობითაც განუმარტა. პარლამენტის თავმჯდომარემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა წერილის ქართული ვარიანტი, რომელშიც უარის მიზეზად დასახელებულია „საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების მიმართ მრავალჯერ გამოვლენილი პირადი არამეგობრული დამოკიდებულება”.
შალვა პაპუაშვილი წერილში არ ახსენებს არცერთ კონკრეტულ ევროპელ პარლამენტარს, თუმცა, ფეისბუკით გავრცელებული წერილისთვის წინ დართულ მოკლე განცხადებაში ახსენებს ლიეტუვის პარლამენტის წევრ ჟიგიმანტას პავილიონისს, რომელმაც საქართველოში ჩამოსულ ჯგუფს „მოუყარა თავი”.
დელეგაციის შემადგენლობაშია გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი მიხაელ როთიც, რომელიც პავილიონისის მსგავსად არაერთხელ გაუკრიტიკებიათ „ქართული ოცნების“ ლიდერებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს, 11 ნოემბერს გამოქვეყნებული წერილის თანახმად, „აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა ხედავს”.
პაპუაშვილის შეფასებითვე, „წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დელეგაციის ზოგიერთი წევრი და სხვა უცხოელი პოლიტიკოსები მუდმივად და მიზანმიმართულად არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საჯარო კამპანიის წარმართვისა და ოპოზიციის მხარდაჭერის გზით, რითიც მოქალაქეების ნებაზე უკანონო ზემოქმედებას ცდილობდნენ”.
პარლამენტის თავმჯდომარის წერილის თანახმად, მსგავსი ქმედებებით უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს არჩევნებში უცხოურ ჩარევას და დაირღვა გაეროს წესდებით განმტკიცებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმაც – ჩაურევლობის პრინციპი, „რომლისადმი პატივისცემას, როგორც ჩანს, მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ”.
პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ამან „ხელი შეუწყო ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებაში, რამაც გააუარესა წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების გარშემო დაძაბულობის აღქმა შექმნა”.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანახმად, დელეგაციის ზოგიერთი წევრი „მიმართულ დეზინფორმაციას„ ავრცელებდა ადრეც, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ, „რომლის სიცრუეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა”.
შეხვედრაზე უარის შესახებ წერილის თანახმად, „რადიკალური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული ცრუ ნარატივებისა და დეზინფორმაციის მხარდაჭერამ საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯი შელახა და შეარყია მოსახლეობის ნდობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კეთილმოსურნეობის მიმართ. ეს ქმედებები და არამეგობრული რიტორიკა ხელს უწყობს ევროკავშირის გაფართოების პროცესის იარაღად გამოყენების მცდელობას, რათა კიდევ უფრო წაახალისოს ოპოზიცია, შეარყიოს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა და არჩევნების ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხაროს”.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „შეუძლებელია ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით ქვეყანაში არეულობას თესდე”.
პარლამენტის თავმჯდომარის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „უცხოურ ჩარევას ქართულმა საზოგადოებამ მკაფიოდ უპასუხა, როდესაც ქართულმა ოცნებამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა”. პაპუაშვილის იმასაც წერს, რომ „როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დემოკრატიის უარყოფას, ეს ევროკავშირისადმი ნდობას აზიანებს”.
შალვა პაპუაშვილი პატივისცემას გამოხატავს „დელეგაციის სხვა წევრების მიმართ” და უდასტურებს „დიალოგის გაგრძელების მზაობას საპარლამენტო დიპლომატიის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების ფარგლებში, თანასწორობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე”.
საქართველოს პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა „ქართული ოცნების” უარს სამწუხარო უწოდა. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ შეხვდნენ დელეგაციას „ქართული ოცნების” წარმომადგენლები, როთმა უპასუხა, რომ ეს მმართველ პარტიას უნდა ჰკითხონ. გერმანელი დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენელი მათ მტრებს უწოდებს, მაშინ, როცა არა მტრები, არამედ საქართველოს მეგობრები არიან.
ბოლო თვეებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობა მოუწოდებდნენ არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლურ რიტორიკა და ცრუ განცხადებები. „ქართული ოცნების” ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და საქართველოს მთავრობასთან კონტაქტები.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი, რომელიც სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.