ბოლო ინფორმაციით, ბათუმის ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად ყველა წინარე კვლევითი სამუშაო დასრულებულია და ამ დროისთვის გაცემულია შესაბამისი სამშენებლო ნებართვაც. საუბარია ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის მშენებლობაზე, რომელსაც კომპანია “ამბასადორი ბათუმი აილენდი” ახორციელებს.
მშენებლობის პარალელურად არ წყდება გარემოსდამცველთა კრიტიკა.
წყლის დაბინძურება, კლიმატის ცვლილებაზე გავლენა, ბუნდოვანი სატრანსპორტო პოლიტიკა და სხვა პრობლემების გათვალისწინებით, გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ამ ფორმით გაგრძელებას ეწინააღმდეგება.
მისი თქმით, შენიშვნები შესაბამის პირებს დიდი ხანია გაუგზავნეს, თუმცა მათი ნაწილი კომპანია “ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ არ გაითვალისწინა.
„ჩვენ გვქონდა შენიშვნები, გავაგზავნეთ კიდეც, ნაწილი გაითვალისწინეს, ნაწილი- არა. შავმა ზღვამ პირველივე ღელვისთანავე შესაძლოა ყველაფერი ჩარეცხოს. კლიმატის ცვლილების ფაქტორი, რომლის მიხედვითაც წყლის დონე აიწევს, პროექტში გათვალისწინებული არ არის. ჩვენ ვითხოვთ სტრატეგიულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას, ამ ყველაფრის ბათუმის განვითარების გენგეგმაში ჩართვას, ასევე, კითხვაზე პასუხს, თუ როგორი იქნება ბათუმის სატრანსპორტო პოლიტიკა პროექტის დასრულების შემდეგ. 14 ათასი კაცი უნდა განთავსდეს ბათუმის ნახევარ-კუნძულზე, ეს ასეთი მარტივი არ არის; ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გათვლილი. არის დიდი ალბათობა, რომ გამწმენდი ნაგებობები არ ეყოს და დაბინძურდეს წყალი, რომელიც შენაკადებით მიედინება ბათუმში”,- აღნიშნა ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ.
ჩხობაძის თქმით, გაურკვეველია ხელოვნურ კუნძულამდე მისასვლელი გზის პროექტიც.
“იქ საერთოდ ვერ გაივლის ვერავინ, მიუხედავად იმისა, რომ შემოვლითი გზა კეთდება, ჩვენ არ ვიცით სატრანსპორტო ნაკადები როგორ გაიმართება. ეს ცალკე ვერ იქნება, იქ ციხეს თუ ვაშენებთ, მაშინ თქვან, ხალხი ვერ გამოვა და ვერ შევა შიგნით. ვერ ვხედავთ ამ სატრანსპორტო პოლიტიკას, მის სიენერგიას და უნდა შეფასდეს კუმულარული ეფექტი, რას გამოიწვევს ეს კუნძული ბათუმის მთლიან სანაპიროზე“,- თქვა ნინო ჩხობაძემ.