მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მყოფ დემონსტრანტებს სამართალდამცველებმა საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

აქციის მონაწილეებთან, რომელთაც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სამართალდამცველები გამოჩნდნენ.
პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
სამართალდამცველების განმარტებით, აქციაზე ადამიანების ის რაოდენობა არ არის შეკრებილი, რომ მათ გზა გადაკეტონ და საგზაო მოძრაობა შეაფერხონ.
სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ეს არის გაფრთხილება, შემდეგ კი მოხდება მათი იდეტიფიცირება და გატარდება კანონით დადგენილი ზომები.
“გზა ბუნებრივად არ არის დაკეტილი, არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომ ცენტრალური მაგისტრალი დაკეტილი იყოს. აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება და საქართველოს კანონმდებლობით დაჯარიმდებიან”, – განუცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჟურნალისტებს.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ , რომ არ აპირებენ დაშლას, მათი განმარტებით, ეს არის “შეშინებული ხელისუფლების ქმედება” და ახლა უფრო მეტი სტიმული აქვთ, რომ საპროტესტო აქციები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდეს.
როგორც ადგილიდან „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე სამართალდამცველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა იმყოფება.
აქციის მონაწილეები მსვლელობის ევროპის მოედნისკენ გაგრძელებას გეგმავენ.