პოლიტიკური პარტია “გირჩი” თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავს, რომლის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
პარლამენტთან შეკრებილებს “გირჩის” ლიდერები მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.
“გირჩის” თანახმად, ეს ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი უნდა გახდეს. პარტია გამოდის ინიციატივით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართოს.
“შევრკიბოთ 100 000 კაცი, მივიდეთ ცესკოსთან და არ მივცეთ ცესკოს საშუალება გამოაცხადოს საბოლოო შედეგები”, – უთხრა რადიო თავისუფლებას “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
“გირჩი” აკრიტიკებს იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. მათ მიაჩნიათ, რომ გასულ დღეებში თბილისში ჩატარებული მსვლელობები არაეფექტურია.
ისინი დანარჩენ პარტიებს მოუწიდებენ, შეუერთდნენ “გირჩის” ხუთპუნქტიან გეგმას, რომელიც პარტიამ ხუთ ნოემბერს წარადგინა:
· „უნდა ჩამოყალიბდეს ერთადერთი მოთხოვნა – „ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები“. მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთი კვირა;
· ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად დაიწყოს მართლა დიდი მიტინგის დაორგანიზება, მაგალითად, შაბათს;
· პარალელურად დასავლელ პარტნიორებთან შედგეს მოლაპარაკება, რომ თუ მიტინგის მეშვეობით გამოხატული ხალხის პოზიცია ცალსახა იქნება, ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს;
· საჯაროდ უნდა დაითქვას მიტინგზე მოსული ხალხის რაოდენობის დადგენის თვალნათელი ხერხი, რათა უკვე მიტინგის დროს ხალხმა იცოდეს რამდენი ვართ (გაზვიადებების გარეშე, რაც სჩვევია ხოლმე ორგანიზატორებს). მაგალითად, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე დაახლოებით 100-120 ათასი ადამიანი ეტევა;
· თუ ორივე პირობა – აქამდე არნახული მასშტაბის მიტინგი და პარტნიორების მხარდაჭერა ერთდროულად შესრულდება, ხალხი მიიღებს ხელისუფლების ცვლილების კიდევ ერთ შესაძლებლობას ან ახალი არჩევნებით, ან რევოლუციით“.
ცესკოს წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, „გირჩმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 2.996% (62 223 ხმა) მიიღო და 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, სხვა ბარიერგადალახული პარტიების ხმები კი ასე გადანაწილდა:
· “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;
· “ძლიერი საქართველო” – 8,81%;
· “გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციებს მართავენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.
პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცეს უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, თურქეთის და ირანის პირველმა პირებმა. არჩევნების შემდეგ საქართველოში მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმყოფებოდა.
ევროპის სხვა ქვეყნები და აშშ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობას დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ და „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების მილოცვისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.