უინსტონ ჩერჩილმა თქვა ერთხელ, დემოკრატია მმართველობის საშინელი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არც არაფერი არსებობსო. “ოქროს ბურთი” კი, სწორედ დემოკრატიის პრინციპებით გაიცემოდა დაარსებიდან დღემდე.
1956 წელს, ფრანგული ჟურნალის შემქმნელმა, გაბრიელ ანომ გადაწყვიტა ინდივიდუალური წახალისების მიზნით, ფეხბურთელებისათვის შესაბამისი ჯილდო გამოეყო. თავდაპირველად, მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს აჯილდოებდნენ, მოგვიანებით კი პრიზს ევროპაში მოთამაშე ნებისმიერი ეროვნების მოთამაშეებს გადასცემდნენ.
დღესდღეობით, “ოქროს ბურთი” შესაძლოა მოიგოს ნებისმიერი ჩემპიონატის, ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელმა.
ალბათ, ვინისიუსს ჩერჩილის ფრაზა ნაკლებად დაამშვიდებს, მაგრამ ფაქტია, რომ ასმა საფეხბურთო ჟურნალისტმა ბრაზილიელს მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი, როდრი ამჯობინა. ვინისიუსის
გულშემატკივრებს უსამართლობის განცდა დაეუფლათ. მართლაც, რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა ოქროს ბურთის მოსაგებად?
სეზონში 25 გოლზე მეტი გაიტანოს?
მოაგებინოს კლუბს ლა ლიგის ტიტული?
მოაგებინოს კლუბს ჩემპიონთა ლიგა და ფინალში გოლი გაიტანოს?
მოაგებინოს კლუბს სუპერ თასი?
გაუტანოს პრინციპულ მოწინააღმდეგეს ერთ თამაშში სამი ბურთი?
ვინისიუსმა ეს ყველაფერი ერთ სეზონში მოახერხა.
რა თქმა უნდა, როდრის მიღწევებს არავინ აკნინებს, მისი ტრიპლ-დაბლიც აღსანიშნავია, თუმცა, ალბათ ჟურნალისტების გადაწყვეტილება როდრისთვისაც კი სიურპრიზი იყო.
2010 წლის სეზონში, ვესლი სნეიდერმა ინტერის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი და სერია A-ს მოიგო, ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უწია, ოქროს ბურთს კი ლეო მესი დაეუფლა. მაშინაც ბევრი ფიქრობდა დემოკრატიის უსამართლობაზე. . .
2013 წელს, ფრენკ რიბერიმ ყველაფერი მოიგო ბაიერნის შემადგენლობაში. ბრწყინვალე სეზონის შემდგომ კი . . . ისევ ლეო მესი.
ძველი ამბების გახსენებაც შეიძლება, ამბობენ, რომ 2003 წელს, ტიერი ანრის დამსახურებული “ოქროს ბურთი” წაართვეს და პაველ ნედვედს მიანიჭეს. არც ჩეხი გახლდათ ვინმეზე ჯაბანი, მაგრამ ტიერი ანრი ნამდვილად ოქროს ბიჭუნა იყო.
2020 წელს, რობერტ ლევანდოვსკი ბევრად უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედები. ბაიერნში ჩატარებული შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, მისი გამარჯვება თითქმის გარანტირებული იყო, მაგრამ კოვიდ პანდემიის გამო, ოქროს ბურთის დაჯილდოება არ გაიმართა.
როგორც ჩანს, ფეხბურთსაც სჩვევია სარკაზმი. რა უნდა ქნას ვინისიუს ჟუნიორმა?
ალბათ ის, რასაც აქამდე აკეთებდა, დამფასებლები კი აუცილებლად გამოჩნდებიან . . .
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ბექა ზივზივაძემ