„ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მრავალი მიზეზის გამო და ნურავინ გვეტყვის, რომ ეს დემოკრატია არ არის

„პირობას გაძლევთ, რომ „ნაცმოძრაობას“ აუცილებლად გავასამართლებთ“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მრავალი მიზეზის გამო და ნურავინ გვეტყვის, რომ ეს დემოკრატია არ არის.
„მართალია, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას ეს დაბრკოლებას ვერ შეუქმნის. „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მრავალი მიზეზის გამო და ნურავინ – ნურც შოლცები, ნურც მაკრონები და ნურც ნურავინ გვეტყვის, რომ ეს დემოკრატია არ არის, რადგან ეს არის ორმაგი სტანდარტი. თუნდაც, იმავე გერმანიაში, სამთავრობო კრიზისი რომ არ მომხდარიყო, ბუნდესტაგში უკვე ხელმოწერებს აგროვებდნენ, რათა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აეკრძალათ.
არადა, ამ პარტიის აკრძალვა უნდათ იმ საბაბით, თითქოს ის პრორუსული პარტიაა, რაც აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებაა. მეორე მიზეზი, რის გამოც ამ პარტიის აკრძალვას ითხოვენ, ისაა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ცდილობს, გერმანია დაიცვას უკონტროლო მიგრაციისგან.
სხვა ბრალდება ამ პარტიის მიმართ არ არსებობს და რატომღაც ეს პროცესი დემოკრატიის ნაწილად მიაჩნიათ. ამ ფონზე ჩვენთან არის ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ამ პარტიამ სისტემატური და სისტემური დანაშაული დანერგა ქვეყანაში; „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლება, რომელმაც მართლა უღალატა სამშობლოს, როდესაც 2008 წელს საქართველო ჯერ ომში ჩართო, მერე კი რუსეთს ქვეყნის ტერიტორიები ჩააბარა; ეს არის პარტია, რომელმაც იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთის ჯარი შემოდიოდა, თავისი მოქალაქეები მიატოვა, ისე, რომ არც კი გააფრთხილა, თუ რა საფრთხე ელოდათ (ასე მოხდა კოდორის ხეიბაშიც და ცხინვალის რეგიონშიც…) და ამ ყველაფრის მერე გვეუბნებიან რომ ამ პარტიის გასამართლება თურმე ანტიდემოკრატიული და ანტიევროპულია.
მეორე მხრივ, მთელი ევროკავშირი ტაშს უკრავს მოლდოვას პრეზიდენტს მაია სანდუს, რომელმაც ორი ოპოზიციური პარტია აკრძალა, მათ შორის, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „შორი“ და აკრძალა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პარტია რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებს უჭერს მხარს. და მაია სანდუს, რომელმაც ოპოზიციური პარტიები აკრძალა, ტაშს უკრავენ და ჩვენ თურმე, არ უნდა გავასამართლოთ პარტია, რომელმაც ქვეყნის 20% რუსეთს ჩააბარა, შემდეგ მხარი დაუჭირა სტრასბურგის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს დაბრალდა ომის დაწყებაც და ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში