ჩვენ გვაქვს რეგიონში სამაგალითო საბანკო სექტორი – ირაკლი კობახიძე

დღეისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითიც შეგვიძლია, ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არის ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, რაც სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
„პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ პროფესიული დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ასევე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ილია ჭავჭავაძე გახლდათ, დიმიტრი ყიფიანთან ერთად, პირველი ქართული ბანკის შექმნის ინიციატორი და გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა ათწლეულების განმავლობაში პირველ ქართულ ბანკს. მას ძალიან კარგად ესმოდა საბანკო სექტორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში, დიდი ძალისხმევა დაუთმო ამ საერთო ეროვნულ საქმეს და, ბუნებრივია, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ილია ჭავჭავაძის სახელს დაუკავშირდა ბანკირის დღის დაფუძნებაც. თითქმის საუკუნე-ნახევარი გავიდა საქართველოში პირველი ბანკის დაფუძნებიდან. დღეისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ.
ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და ამ ყველაფრის შედეგად გვაქვს ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო ჩვენს ქვეყანაში; ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივაღწიეთ ძალიან მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
გასული სამი წლის განმავლობაში საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7% და წელსაც გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში, საბანკო სექტორს და ეროვნული ბანკის საქმიანობას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ასევე, უზრუნველყოფილია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, ლარის კურსის სტაბილურობა, დაბალია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ გვაზარდეთ საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ამისთვისაც, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.