დღეს, 8 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის კომიტეტი დღეს 14 საათზე შეიკრიბება, სადაც განიხილება შეთანხმება “რუსული იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების შესახებ”.
როგორც აფხაზური სამოქალაქო მოძრაობა “Ҳара ҲПицунда” ტელეგრამ არხზე წერს, ერთ-ერთმა დეპუტატმა, ალხას ბარციცმა “კანონის, მორალური სტანდარტებისა და ამომრჩევლისა და კოლეგების ნდობის დარღვევით, პარლამენტის გვერდის ავლით, ეს შეთანხმება ეკონომიკის სამინისტროს გაუგზავნა.”
“ამ კომიტეტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც საჯაროდ გამოვიდა აპარტამენტების კანონის წინააღმდეგ, არის ლევონ გალუსტიანი. შეგახსენებთ, რომ თქვენი, როგორც ამომრჩევლის უფლებაა მოითხოვოთ, რომ თქვენი ოლქის წევრებმა წარმოადგინონ თქვენი ინტერესები და არა პრეზიდენტის ან უცხოური ბანკების ინტერესები. დაურეკეთ მათ, მისწერეთ, მოითხოვეთ შეხვედრა და პასუხი,” – წერს მოძრაობა.
სამოქალაქო მოძრაობის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ” მიწის პირდაპირ გადაცემას”.
“ეს არის აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარების დასასრული. ჩვენ გვაქვს ამის შეჩერების ძალა,” – წერს სამოქალაქო მოძრაობა “Ҳара ҲПицунда”.
აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ აფხაზური ორგანიზაციებიც.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების ყველა პუნქტი “არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე აფხაზური სახელმწიფოს არსებობას.”
“ამ შეთანხმებით, ბჟანია 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადასახადების გადახდის გარეშე გადასცემს ქვეყნის სუვერენულ ეკონომიკურ სივრცეს სრული, უფასო სარგებლობისთვის მსხვილ უცხოელ ოლიგარქებს განსაკუთრებით ძვირფას მიწებს. შეთანხმება შექმნის პირობებს ეროვნული ბიზნესის სრული დანგრევის, მიწის დაკარგვის, სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების დაკარგვისთვის, რაც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას.
მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელშეკრულებით გამოწვეული საფრთხის მასშტაბები მრავალჯერ აღემატება აპარტამენტების კანონის საფრთხეს,” – წერია განცხადებაში.
ორგანიზაციები მიმართავენ პარლამენტების წევრებს, რომ “სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ხალხს და სახელმწიფოს საინვესტიციო შეთანხმებიდან გამომდინარე საფრთხეებს.”
რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.
აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ე.წ. ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.
“შეთანხმება მოიზიდავს დამატებით რუსულ ინვესტიციებს რესპუბლიკის ეკონომიკაში და, ამრიგად, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, სანატორიუმების მკურნალობისა და დასვენების განვითარებას. დოკუმენტი ასევე მნიშვნელოვანია, რადგან მისი მოქმედება მიმართულია დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – გაზმომარაგებაზე, წყალმომარაგებაზე, სითბოს მიწოდებაზე, ტრანსპორტზე, სოციალურ და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე”, – განაცხადა რეშეტნიკოვმა.
აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტიციები გადამწყვეტ როლს თამშობს აფხაზეთში დე ფაქტო ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის პროცესში.
“ბოლო პერიოდში რესპუბლიკაში მაღალი საინვესტიციო აქტივობა შეინიშნება. 4 წლის განმავლობაში ძირითადი კაპიტალის ინვესტიციების მოცულობა 2,5- ზე მეტით გაიზარდა და გადააჭარბა 11 მილიარდ რუბლს. დადებით დინამიკას ადასტურებს საშუალო თვიური ხელფასის ზრდაც, მშპ-ს ზრდა და ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების გაორმაგება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხოთ თვისებრივად ახალი მიდგომის დემონსტრირება – ვამცირებთ სახელმწიფო ინვესტიციების დონეს და გავზრდით კერძო ინვესტიციების დონეს. ეს არის ხარისხობრივი ცვლილებები, რასაც ხელს შეუწყობს მთავრობათაშორისი შეთანხმება, ვინაიდან საუბარია ძალიან დიდ ინვესტიციებზე. ასეთი საინვესტიციო პროექტები ძირეულად შეცვლის რესპუბლიკაში დასაქმების საერთო სურათს”, – ამბობს ოზგანი.
აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს “სავალდებულო რატიფიცირებას სახალხო კრებაში – აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში”.