ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტი და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისის მაჩვენებელია – დასაწყისი უკვე ხილულია და ჩვენ ამას ვხედავთ! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება და პარტნიორული ურთიერთობები, რაც თუნდაც ორი-სამი წლის წინ იყო, კვლავ გააქტიურდება.
„ვამბობდით, რომ ევროკავშირი საჭიროა საქართველოსთვის, ისევე როგორც საქართველო ევროკავშირისთვის!
გადატვირთვის რეჟიმი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ მიდგომები შეიცვლება – პატივისცემა იქნება ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აირჩია.
დარწმუნებული ვარ, გადატვირთვის თვალსაზრისით პროცესები იმაზე უფრო მალე განვითარდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია – მათ შორის, ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით.
ვასალური დამოკიდებულებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები არ იქნება. რა თქმა უნდა, პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად ყოველთვის ვიყავით და ახლაც მზად ვიქნებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.