“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ახალ კამპანიას იწყებენ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება მიტაცებული არჩევნების მიმართ მკაფიო მიუღებლობის დაფიქსირებაში და არჩევნების დასაბრუნებლად აქტიური როლის შეასრულებაში.
ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ ეს ინიციატივა თითოეულ მოქალქეს მისცემს შესაძლებლობას, ოფიციალური განაცხადით მიმართოს ცეესკოს და მოითხოვოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა:
“ეს არის განცხადების ფორმის მქონე, საქართველოს კანონმდებლობაზე დაფუძნებით შექმნილი ორი ინსტრუმენტი. პირველი არის მომზადებული ემიგრანტებისთვის, რათა მიმართოთ ცესკოს და დაადასტუროთ, რომ არ მოგეცათ შესაძლებლობა, მიგეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. არაერთი მტკიცებულების და გავრცელებული ფაქტის საფუძველზე არსებობს გაშიფრული სქემა, რომ სწორედ თქვენი მონაცემები იყო გამოყენებული მრავალჯერადად არჩევნების მოპარვისთვის. მიმართოთ ცესკოს და მოითხოვოთ მათგან გასაჯაროვდეს, ვერიფიკაციის ქვითრებში ხომ არ არის თქვენი მონაცემები ბოროტად გამოყენებული” ,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მისივე განმარტებით, მეორე განაცხადის ფორმით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ცესკოს გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით და განაცხადონ. რომ დაირღვა არჩევნების ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი – ხმის ფარულობა:
“დაირღვა თქვენი უფლება, როგორც საქართველოს მოქალაქის და, შესაბამისად, შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ ბათილად იქნეს ცნობილი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.”
ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ განცხადების ფორმები განთავსდება პლატფორმაზე “დაიცავი შენი ხმა”:
” შეგიძლიათ მოძებნოთ ეს ჯგუფი, შემოუერთდეთ ჯგუფს, ნებისმიერი კითხვა, იდეა , საკითხი, რომელიც ამ კამპანიას დაუკავშირდება, დასვათ ამ ჯგუფის მეშვეობით. ყველანაირ სამართლებრივ საკითხს ჩვენ მოვაგვარებთ, მთავარია თქვენ ჩაერთოთ აქტიურად ამ პროცესში. ამ ორი ინსტრუმენტის მეშვეობით დააფიქსიროთ მიუღებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ და ერთად გავაგრძელოთ ახალი არჩევნების მოთხოვნა.”
ელექტრონული წესით გამართულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასობრივად დაირღვა. საიას შესაბამისი სარჩელები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდა წარდგენილი, თუმცა მათი მოთხოვნა მხოლოდ თეთრიწყაროს სასამართლომ დააკმაყოფილა.
ორგანიზაციამ დავას სააპელაციო სასამართლოებში გააგრძელა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განხილვა გუშინ, დღის 2 საათზე დაიწყო და დღეს, 1 საათზე დაასრულა. მოსამართლეთა კოლეგიამ საიას სარჩელები არ დააკმაყოფილა.