სასამართლოში 68 საჩივარია შესული, შეტანილი სარჩელებიდან 64 არის „ენჯეოების“ სარჩელი – ვხედავთ, რომ ქართულ დემოკრატიას ბრძოლა უცხოეთიდან დაფინანსებულმა რამდენიმე მილიონერმა NGO-მ გამოუცხადა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ საარჩევნო სარჩელებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩატარებული არჩევნების ჩაშლას ცდილობენ და მისივე თქმით, სურთ, რომ მათი ნების მიხედვით მოხდეს ხელისუფლების შერჩევა.
„სასამართლოში 68 საჩივარია შესული, შეტანილი სარჩელებიდან 64 NGO-ს სარჩელია, დანარჩენი „ლელოსი“, რომელიც სიებს ითხოვს.
როდესაც არის საარჩევნო დავები, ამაზე საარჩევნო სუბიექტები დავობენ იმიტომ, რომ საქმე პარტიებსა და მათ ხმებს ეხება, აღმოჩნდა, რომ ჩვენთან პარტიები სასამართლოს არ მიმართავენ და უცხო ქვეყნიდან 100%-ით დაფინანსებული NGO-ები დაკავებულები არიან არჩევნების ძირის გამოთხრაში.
ესეც დასკვნის საშუალებას გვაძლევს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამას ვხედავდით, რომ ეს მილიონერი NGO-ები, რომლებიც უცხოეთიდან სრულად ფინანსდებიან, საქართველოში საარჩევნო კამპანიას ეწეოდნენ და ახლა ვხედავთ, რომ ეს მილიონერი NGO-ები ცდილობენ, რომ საქართველოს არჩევნები ჩაშალონ და ხმა 1 120 000-ს ამომრჩეველს წაართვან, რომელიც “ქართული ოცნების“ მომხრეა, მათ შორის ოპოზიციის ამომრჩევლებსაც წაართვან ხმა და მათი ნების მიხედვით იყოს ხელისუფლებები შერჩეული.
ესეც დასკვნაა, რომ ოპოზიცია არაფერს არ ასაჩივრებს, სულ ჰქონდათ 4 კინკილა საჩივარი, აქედან აპელაციაში სამი წაიღეს, ერთზე თვითონ თქვეს უარი. ძირითადად ვხედავთ, რომ ქართულ დემოკრატიას ბრძოლა უცხოეთიდან დაფინანსებულმა რამდენიმე მილიონერმა NGO-მ გამოუცხადა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.