5-6 ნოემბერს, ჟენევაში მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ გაიმართა.
ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი და სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ემიგრაციაში მყოფი დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.”
“მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებებზე.
სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი ხელმძღვანელობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა თბილისიდან მომავალი შერიგების სიგნალების პრაქტიკაში თარგმნას და კონკრეტულ ნაბიჯებით განვითარებას, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღებას, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკაციის გზით.”
“ამ ამოცანების აქტუალობა განისაზღვრება ოფიციალური თბილისის მიერ საქართველოში და მის საზღვრებს მიღმა პოლიტიკური ძალების არსებობის აღიარებით, რომლებიც აყალიბებენ რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნის გეგმებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც გრძელდება რეგულარულად საქართველოს კონსტიტუციაში არსებული დოქტრინული მითითებების ხელახალი დადასტურებით ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების მიხედვით ეროვნული შეიარაღებული ძალების მიმდინარე მშენებლობის შესახებ,” – წერს რუსული უწყება.
რუსეთის დეპარტამენტის ცნობით, მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა კვლავ “წამოჭრეს საკითხი დისკუსიების ჟენევიდან ყველა მონაწილისთვის მისაღებ სხვა ადგილას გადატანის შესახებ და მოითხოვეს ამ თემის არსებითი განხილვა.” მანამდე გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ჟენევის დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის საგანი კიდევ ერთხელ იყო ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის განახლება.
“ყველა დელეგაციის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ნება მექანიზმის აღდგენის მიმართ. თუმცა, მხარეთა პოზიციები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების გამართვის ტექნიკურ პირობებთან დაკავშირებით რჩება მხარეთა განზრახვების განხორციელებისთვის შემაფერხებელ ფაქტორად,” – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, დე ფაქტო უწყების განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში “აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ეროვნულ პასპორტებზე გადაადგილების თავისუფლებაზე.”
“მომდევნო ტურზე იგეგმება საინფორმაციო სესიის გამართვა სპეციალისტის მონაწილეობით და ამ მნიშვნელოვან საკითხზე სამუშაო ჯგუფის შედგენა,” – აღნიშნულია განცახდებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 2025 წლის მარტში განახლდება.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები, მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.
ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.