“ბნელ სარდაფში ჩაგვყარეს. იქ სხვებიც დაგვხვდნენ. გვითხრეს, რომ ეს პირუტყვები ქალებს ჯერ აუპატიურებენ, შემდეგ კი ხვრეტენო… რაკი სიკვდილის გარდუვალობას შევეგუე…”

„ბნელ სარდაფში ჩაგვყარეს. იქ სხვებიც დაგვხვდნენ. გვითხრეს, რომ ეს პირუტყვები ქალებს ჯერ აუპატიურებენ, შემდეგ კი ხვრეტენო… რაკი სიკვდილის გარდუვალობას შევეგუე, ჩემთვის სულერთი უნდა ყოფილიყო, სად ვიყავი: ქვედა საცვლის გარეშე დარჩენილს, შიშველ ტანზე ბუშლატშემოხვეულს, თავგადაპარსულს და ჭრილობებით, ჩაქცევებით სავსეს, მაინც მაწუხებდა აუტანელი სუნი – ჩვენივე განავლის, შარდის, ჩვენივე ოფლისა და სისხლის მყრალი სუნი, რომელიც კუნაპეტ სიბნელეს, სარდაფის ნესტს და შიშს შერეოდა. სინათლე, რომელიც ფარნიან კაცებს შემოჰქონდათ სარდაფში, ვინმეს სიკვდილს ნიშნავდა“…
ავტორი: მარინა ნაჭყებია – უკეთილშობილესი მარინა!
ვმეგობრობდით.
ჩვენს მეომრებზე თუ რამეს ცოდნა დამჭირდებოდა, დაუყოვნებლივ მიგზავნიდა ამომწურავად…
მიყვარდა…
უცებ გარდაიცვალა…
ღმერთო, რამდენი რამ არ მცოდნია მასზე…
მარინა, გთხოვ, მაპატიე!
სირცხვილი ჩემი!
როცა მარინას ამ ჩანაწერებს წაიკითხავთ, თქვენც იგივე გრძნობა გაგიჩნდებათ…
ვწუხვარ უსაზღვროდ:
მარინას ჩანაწერის ნაწილია ეს:
„…ჩვენი წარმოების უფროსი მირეკავდა, ქარხანაში აფხაზები შემოვიდნენო. წინ გადამიდგა ჩემი ქმარი, არ გაგიშვებო. მაშინ შტაბში ჩემს ძმასთან წასვლა გადავწყვიტეთ. როცა ჩემი ძმა – ტასო დავინახე, გული გამიჩერდა – თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ერთიანად სისხლში იყო ამოსვრილი… არაფერი შემეკითხო, ბიჭები დამეღუპა, აქედან არ გავალ, მათთან ერთად უნდა დავიმარხოო, ესღა მითხრა…
შემდეგ მანქანა მიშოვა და ქმარ-შვილთან ერთად ჩემს დასთან წავედით.
…ახლა მე უნდა მიმეხედა დედისთვის, დისთვის, დისშვილებისთვის, ჩემი ცალთვალა მეუღლისთვის…
21 სექტემბერს დაგვირეკეს, რომ ტასო დაიღუპა. მაშინ ვჭამე პირველად ის მიწა, რომელმაც ასე გაგვამწარა. სახლში მოასვენეს ჩემი გმირი ძმა.
პროზექტურაში ჩვენმა ბიძაშვილმა ვერ იცნო, ყუმბარას სახე მოეგლიჯა. დედას ვერც ვერც სკამზე ვსვამდით და ვერც ფეხზე ვაყენებდით, იატაკზე იწვა და გაუჩერებლად ტიროდა.
მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, სამძიმარზე სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად მოსულ ადამიანებს შორის ერთი ქალიც მოვიდა – აფხაზი ლუდა, რომელიც ძალიან უყვარდა ჩემს ძმას. შემოვიდა, ტასოს ცხედართან დაიჩოქა, ბოდიში მოუხადა და დაიტირა. ტასოს უფროსიც მოვიდა სამძიმარზე და გვითხრა: იმ დავალებაზე სხვას ვუშვებდი, მაგრამ არ დამანება, სამი შვილის მამა როგორ გავუშვა სიკვდილზეო…
25 სექტემბერს მივხვდით, რომ სასაფლაოზე, იქ, სადაც მამაა დაკრძალული, ტასოს ვერ ავიყვანდით. სასაფლაო უკვე მტრის ხელში იყო. ეზოში გავჭერით საფლავი და ჩვენი ხელით მივაბარეთ მიწას.
ტყვეობა
27 სექტემბერს ტასოს მაჯის საათს დავხედე, რომელიც მის საფლავზე მედო. დილის 6 საათი იყო. რიჟრაჟი და დიდი სატვირთო მანქანა ერთდროულად შემოვიდა ჩვენს ეზოში. რუსები, კაზაკები, სომხები… ველურების ბანდა, ჭუჭყიანები, გაბურძგნილები, ზიზღით აღსავსე, სისხლის სურვილით ტვინდაბინდულები. მივხვდი, რომ ჩვენი სიცოცხლის ბოლო წუთები დადგა… თენგოს გვარი ჰკითხეს, მან უპასუხა… მერე ეს აგრესიული მასა აგინებდა და ურტყამდა ჩემს ქმარს. მიწაზე დააგდეს და წიხლებით შედგნენ. ის ჩუმად იყო, გმინავაც არ ამოხდომია. როცა კარგად გათენდა და მისი წამებით გული იჯერეს, ორმა ველურმა კონდახის ცემით წაათრია მანქანისკენ. მთლიანად სისხლით, შარდით, ფეკალიებით იყო მოსვრილი ჩემი ერთგული, ვაჟკაცი ქმარი…
ჩვენი ჯერიც დადგა. ერთი ამაზრზენი კაცი დედას მიუახლოვდა და შავი რატომ გაცვიაო, აგდებულად ჰკითხა. შვილი მომიკვდაო, – უპასუხა… ახლაც ჩამესმის ყურებში მისი სიტყვები, “მამოჩკა, ჩტო ტი ბარმოჩეშ, უ ვას ბლიადინაია სემია, უ ვას გრიაზნაია სემია, ვი ვსე სრაჟალის პროტივ ნას!” მეგონა, დედას გაარტყამდა, გადავეფარე და ყელში მწვდა. ვიფიქრე, რადგან სიკვდილი მოვიდა, მეც ისევე ღირსეულად უნდა დავიღუპო, როგორც ტასო-მეთქი და თამამად ვუთხარი, “მე ტასო ნაჭყებიას და ვარ, ქართველი”. “ტი გრუზინკა, ბლიად?” – იყვირა და სახეში ისეთი მთხლიშა და სათვალე ჩამიმტვრია. წავიქეცი, წიხლებით შემდგნენ, ტკივილისგან ხან გონებას ვკარგავდი, ხან ვბრუნდებოდი. როცა პირიდან სისხლი წამსკდა, მე და დედა მანქანაში შეგვყარეს. ჩემი მეზობლის, ბორია კაჭარავას სახლში მიმიყვანეს, იქ რაღაც შტაბივით ჰქონდათ.
იქ გამაშიშვლეს, სამზარეულოს კედელთან დამაყენეს და ჩემ ირგვლივ კედლები ავტომატის ჯერით დაცხრილეს. გული წამივიდა. მერე მოხდა ის, რისიც ყველა ქალს ეშინოდა და რაზეც ლაპარაკი ამდენ ხანს საშინლად მრცხვენოდა…
ახლა ვიცი, რომ უნდა ვთქვა, რომ მათი ჭეშმარიტი სახე დავანახო ყველას. უსასრულო წამების შემდეგ თავი გადამპარსეს და… ხარხარებდნენ, მაგინებდნენ, მირტყამდნენ… შემდეგ, როცა იფიქრეს, რომ გამტეხეს და დამიმორჩილეს, ჩემი ახლებურად დამუშავება დაიწყეს. ჩემს ხორცს მოერივნენ, ახლა სული უნდოდათ! იქ გავიგონე მესამედ იგივე სიტყვები, რაც თავის დროზე ანიამ და ვალერამ მითხრეს, ამ ჯერზე რუსი ბლუყუნებდა იქედნური ღიმილით: იცოდე, „ეს ყველაფერი თქვენმა ქართველებმა გაგიკეთეს“ და მომთხოვა, მეც იგივე გამემეორებინა. ჩემს უარზე სახეში, მუცელში, გვერდებში მირტყამდნენ, მიყვიროდნენ, “თქვი, რომ ეს აფხაზური მიწაა!” თავს უარის ნიშნად ვაქნევდი და ისევ მირტყამდნენ. არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ თავი ავწიე და ამაყად ვუთხარი: მე სოხუმის პირველი სკოლა დავამთავრე. იქ გვასწავლეს, რომ საქართველოა!“. – „ჰოდა, მაშინ ჭამე შენი მიწა“ – მითხრეს და პირი მიწით გამომივსეს. მერე საღორეში შეგვყარეს მე და დედაჩემი…
მოგვიანებით მივხვდი, ასე იმიტომ კი არ მოვიქეცი, რომ გმირი ვარ. მე სიკვდილის გარდაუვალობის დანახვამ შემმატა ძალა, უფალთან პირნათლად მისვლის სურვილმა. ჩემი სამშობლოს სიყვარული უფრო მეტი იყო, ვიდრე ამ კაცუნების ჩვენდამი ზიზღი…
ორი დღე საღორეში ვიყავით. მერე ბრეზენტით დახურულ სატვირთოში ჩაგვყარეს და ჩვენსავით ნაცემ, შეურაცხყოფილ, ცხოვრებადამსხვრეულ ქართველ ქალებთან და ბავშვებთან ერთად, სადღაც წაგვიყვანეს. დღემდე არ ვიცი, სად გავატარე შემდეგი ერთი ჯოჯოხეთური თვე… გინახავთ დედების თვალწინ დახვრიტილი ჩვილები?..
ვაკუუმი
როცა მანქანას ბრეზენტი გადახადეს და გადმოსვლა გვიბრძანეს, გარემო არ მეცნო. ბნელ სარდაფში ჩაგვყარეს. იქ სხვებიც დაგვხვდნენ. გვითხრეს, რომ ისინი ქალებს ჯერ აუპატიურებდნენ, შემდეგ კი ხვრეტდნენ. რაკი სიკვდილის გარდუვალობას შევეგუე, ჩემთვის სულერთი უნდა ყოფილიყო, სად ვიყავი, მაგრამ ქვედა საცვლის გარეშე დარჩენილს, შიშველ ტანზე ბუშლატშემოხვეულს, თავგადაპარსულს და ჭრილობებით, ჩაქცევებით სავსეს, მაინც მაწუხებდა აუტანელი სუნი – ჩვენივე განავლის, შარდის, ჩვენივე ოფლისა და სისხლის მყრალი სუნი, რომელიც კუნაპეტ სიბნელეს, სარდაფის ნესტს და შიშს შერეოდა. სინათლე, რომელიც ფარნიან კაცებს შემოჰქონდათ სარდაფში, ვინმეს სიკვდილს ნიშნავდა. ველოდებოდით. ეს იმდენად რთული მოლოდინი იყო, როცა რომელიმე მათგანი შემოდიოდა, მერჩივნა, ავმდგარიყავი და ნებით გავყოლოდი, მაგრამ დედა მეცოდებოდა, დედას ვერ ვტოვებდი…
….
ერთ დღეს სარდაფში ვოვა აკრბა შემო¬ვიდა. ეს კაცი მშვიდობის დროს სოხუმის¬ პოლიციის უფროსი იყო. მე და მისი ცოლი ვმეგობრობდით. ისინი სკოლასთან ახლოს ცხოვრობდნენ, მათ ოჯახში ავადმყოფი ბავშვი იზრდებოდა. საოცრად მეცოდებოდა, ამიტომ ყოველდღე, როცა დედა რამე ნუგბარს გამატანდა სკოლაში, მათთან შევირბენდი, რომ იმ ბავშვისთვის მიმეცა. ეს ამ ოჯახს არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ ჩემს ბავშვურ თანაგრძნობას დიდსულოვნად იღებდნენ. მოკლედ, ვოვა აკრბამ ჩამოუარა ტყვეებს. არ გამოვეცნაურე… მაგრამ ჩემთან შედგა, თავი კონდახით ამიწია, ფარანი სახეში მომანათა და გაშრა: “მარინა, ეტო ტი?” “და ნო ია უჟე დრუგაია მარინა, ნე ტა კავო ტი ზნალ”. ეს რომ ვუთხარი, გავიდა. მას მერე აღარ მინახავს,¬ ჩვენი ტყვეობა კი უსაშველოდ გაიწელა. თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა, ვიღაც აფხაზმა შედედებული რძე მოგვიტანა მე და დედას, მერე წყალი… დანარჩენი ძველებურად გაგრძელდა.. შემოვიდოდა სომხურ-რუსული, სომხურ-აფხაზური ან კაზაკური წყვილი, აარჩევდა ქალებს და ბავშვებს და გაჰყავდათ. უკან აღარავინ ბრუნდებოდა, მე და დედას კი არავინ გვეკარებოდა…
ისევ არ ვიცი, დილას თუ შუაღამისას, ჩემთან ვინმე დაურ ოჩამჩირსკი მოვიდა.. დაიხარა და ჩუმად მითხრა, “ნიკამუ ნე გავარი, ია ოტ ვოვი აკრბა”. მაშინღა მივხვდი, რომ ამ ხნის მანძილზე ვოვა გვიცავდა. მერე მთხოვა, ჩემი ოჯახის წევრების სავარაუდო კოორდინატები მეთქვა. ვუთხარი, რაც ვიცოდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ აღარავინ მყავდა.
ერთ დღეს მე და დედას ზურგზე ნომრები ჩამოგვკიდეს და სარდაფიდან ეზოში ამოგვიყვანეს. სად მივდივართ. დასახვრეტად?! იქნებ კარგიც არის, ვიცი, რომ ჩემს ბიჭებთან, ჩემს ტასოსთან, შვილებთან, ქმართან, უფალთან მივალ. თუმცა მშვიდობის გამზირზე, მერიის შენობის წინ, საათ¬თან მიგვიყვანეს, ერთმანეთთან ზურგებით დაგვაყენეს და გვიბრძანეს, არ გაინძრეთო. და როცა უცებ ჩვენკენ მომავალი ჩემი დაჩაჩანაკებული ახალგაზრდა ქმარი დავინახე, მგონი, პირველად დავკარგე ფიქრის უნარი. ღმერთო, როგორი ბედნიერება იყო მისი დანახვა! ცოტა ხანში კი თითქოს ცა გაიხსნა, ჩემი ქალ-ვაჟიც გამოჩნდა… მერე თანდათან სხვებიც შეგვემატნენ. ცოტა ხანში ავტობუსები მოგვადგნენ და დანომრილი ტყვეები შიგ შეგვყარეს.
მალე ჩვენი ავტობუსების კოლონა გადაბუგულ გალს მიადგა. აფხაზები გვაცილებდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით აფხაზი ქალები გამოირჩეოდნენ, ხტოდნენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს მოგვკიოდნენ. მერე ქალების ერთმა მოზრდილმა ჯგუფმა კაბები წამოიხადა, უკანალები მოიშიშვლეს და ჩვენკენ მოაშვირეს… აი, ასე გამოგვაცილეს.
ენგურამდე ბლოკ-პოსტები უნდა გაგვევლო აფხაზების და რუსების, რომ ქართველებამდე მივსულიყავით. აფხაზებმა გვცემეს, რუსებმა გვაგინეს, ქართველებთან კი ჩავიმუხლეთ და პირდაპირ მიწაზე გავწექით… მოვდიოდი და თან გმირი აქვსენტი ნაჭყებიას დედა მომყავდა. ტასოს გარეშე შევძელი და ჩემი ოჯახი ისევ შევკარი.
თენგიზ ჩარგეიშვილი
როგორც კი სამშვიდობოს დავიგულეთ თავი, თენგოს ვუთხარი, რომ მისთვის აუცილებლად უნდა მეთქვა რაღაც… აღიარება მინდოდა, პატიების თხოვნა ჩემი შერცხვენისთვის. თენგომ პირზე ამაფარა ხელი და მითხრა, ყველაფერი ვიცი და ამაზე ლაპარაკს საჭიროდ არ ვთვლი, ჩვენ შორის არაფერი, სრულიად არაფერი შეცვლილაო. ეს მაშინ შეიძლებოდა ცარიელ სიტყვებად ჩამეთვალა, მაგრამ შემდეგ, როცა ბევრი დევნილი ოჯახი სწორედ ამ მიზეზით დაინგრა, ჩვენს თანაცხოვრებას უფრო ფხიზლად დავაკვირდი და მივხვდი, ჩემმა ქმარმა იმითაც აჯობა მტერს, რომ ჩვენი ცხოვრების ამ საზარელ ეპიზოდზე მაღლა დადგა, ბოლომდე, გარდაცვალებამდე დევნილობაში.
თბილისი
თბილისში მშივრები, ბინძურები ჩამოვედით. მიუხედავად იმისა, რომ აქ ნათესავები მყავდა, ვერაფრით ვაიძულე თავი, მათ კარს მივდგომოდი. არ მინდოდა, ასეთები ვენახეთ, ამიტომ იმის იმედად, რომ სოციალური სამსახური კუთხეს გამოგვიძებნიდა, სადგურში დავიდეთ “ბინა”. ბავშვებს ფანჯრის რაფებზე ეძინათ, მე და დედა სკამებზე ვთვლემდით, მაგრამ სკამიც და ფანჯრის რაფაც ფუფუნება იყო, ამიტომ თენგო თავის ტურტლიან ფარაჯას გაიხდიდა, ნაფურთხებით დაფარულ, საძაგლად ამაზრზენ იატაკზე დააფენდა და ორი-სამი საათით კუთხეში ისე მიწვებოდა, როგორც საბან-ბუმბულში…
ჩვენი პატრონი არსად ჩანდა.
შებინდებულზე დეზერტირების დაცლილი ბაზრისკენ მივდიოდი და გადაყრილ ვაშლებს, ბოსტნეულს ვაგროვებდი. ამით გავიტანეთ თავი მთელ კვირას… მერე თავს ვაიძულე და ჩვენი ოჯახის დიდი ხნის მეგობართან წავედი. სიხარულით ჩამიკრა გულში. მახსოვს, ვიხვეწებოდი, არ მომეკარო, ბინძური ვარ-მეთქი…
ტკივილით, მაგრამ სიამაყით მახსენდება ჩემს დანახვაზე მისი მწუხარებით არეული სახე“…
ეს არც დასაწყისია და არც დასასრული არ არის… იმ საშინელების მომცრო ნაწილია, რომლის შემოქმედებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, რამეთუ, უარესზე უარესი არსებობს, თურმე და ჩვენ არ გვცოდნია…
ბოდიში მარინა!
შენს წმინდა სულს სხვა ვერაფრის თქმას ვერ შევკადრებ!
იქ არც ურვაა, მაგრამ არც სხვა რამ!
გძინავს მშვიდად, ესღა მანუგეშებს
ფოტოზე
მარინა ნაჭყებია

ასევე დაგაინტერესებთ