,,ბიოლის” დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე ჯავშნების შემცირებაზე საუბრობს. ბიზნესმენი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მოთხოვნა გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში დიდია, თუმცა ზამთრის მოახლოებასთან ერთად იკლებს.
,,ჯავშნების მხრივ ნოემბერში ძალიან დაკლებულია. რის გამო არ ვიცი, მაგრამ ჯავშნებმა ძალიან იკლო. გაზაფხულსა და ზაფხულში ბევრად დიდი მოთხოვნაა. სეზონურია, ხალხს სითბო უფრო უყვარს. ამ ეტაპზე ასეა. მერე გავუშვებთ რეკლამას, გაძლიერდება მოთხოვნა და ზამთარშიც კარგად იმუშავებს.’’- აცხადებს თამაზ მჭედლიძე.
შემცირებული დატვირთვის მიუხედავად ბიზნესმენი ,,ბიოლის“ პროექტის განვითარებასა და ინვესტიციების ჩადებას აგრძელებს. თითქმის დასრულებულია ხელოვნური ტბისა და ოთხი ხის კოტეჯის (შალეს) მშენებლობა.
„ხელოვნური ტბის პროექტს მალე ვამთავრებთ. 4 შალესაც ვამთავრებთ. (შალე ხის კოტეჯებს მოიაზრებს) დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება ტბა და შალეები. ამას შევუერთებთ საერთო სისტემას. თუმცა ფასი ჯერ უცნობია. ფასი თვით ღირებულებიდან და ბაზრიდან გამომდინარე დაითვლება“, – აცხადებს თამაზ მჭედლიძე.
,,ბიოლის’’ პროექტში ბიზნესმენმა 44 მილიონ ლარამდე თანხის ინვესტირება უკვე განახორციელა. სამომავლოდ თამაზ მჭედლიძე ტერიტორიაზე 70 ნომრიანი სასტუმროს გახსნასა და 2 განსხვავებული, ორიგინალური კოტეჯის დამატებას გეგმავს.