კუჭის ეროზიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი არის, კუჭშიდა ნაწლავში მობინადრე თვალით უხილავი ბაქტერია, რომელსაც ჰელიკობაქტერ პილორი ჰქვია, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპისტმა და ზოგადმა ქირურგმა გიორგი გოგინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ კუჭის ეროზიის დიაგნოსტირება ხდება როგორც ენდოსკოპიური წესით, ასევე არის მეორე მეთოდი, რომელსაც ენდოკაფსულა ჰქვია.
„კომერსანთან“ გიორგი გოგინაშვილმა კუჭის ეროზიის, მისი გამომწვევი მიზეზების, დიაგნოსტიკური მეთოდების და რისკ ჯგუფების შესახებ ისაუბრა.
· რა არის კუჭის ეროზია?
· კუჭის ეროზია ეს არის კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანება, რომელიც ხშირად ვლინდება წყლულისმაგვარი სინდრომით. იგი შეიძლება მდებარეობდეს კუჭის ნებისმიერ ადგილას, მაგრამ შედარებით ხშირადაა კუჭის ანტრალურ მიდამოში. წყლული კი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება.
· რა იწვევს კუჭის ეროზიას და რა სიმპტომები ახასიათებს მას?
· კუჭის ეროზიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი არის, კუჭშიდა ნაწლავში მობინადრე თვალით უხილავი ბაქტერია, რომელსაც ჰელიკობაქტერ პილორი ჰქვია. გარდა ამისა, ეროზია შეიძლება გამოიწვიოს კუჭის დამცავ ბარიერსა და კუჭის ლორწოვანზე აგრესიულად მოქმედ ფაქტორებს შორის წონასწორობის თანაფარდობის დარღვევამ, ეს არის მჟავიანობის მომატემა, სტრესი, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება და სხვა.
· ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს და როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
· რისკ ჯგუფს მიეკუთვნება ჰელიკობაქტერია პილორით დაავადებული ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ჩივილები. როდესაც ჰელიკობაქტერია გადალახავს კუჭის დამცავ ბარიერს, უკვე ის პაციენტი წარმოადგენს რისკ ჯგუფს. ჰელიკობაქტერია, ისევე როგორც კუჭის ეროზიები ყოველგვარი ჩივილის გარეშე შეიძლება არსებობდეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანი ვერც გრძნობდეს, მაგრამ როდესაც დაირღვება თანაფარდობა ადამიანის დამცავ მექანიზმს და ჰელიკობაქტერიის აგრესიულობას შორის, მაშინ გამოიწვევს ზოგადი ხასიათის ჩივილებს, რასაც დისპერსიულ მოვლენებს ვუწოდებთ. ჩივილების აღმოჩენისთანავე საჭიროა პაციენტმა მიმართოს ექიმს, რადგან თუ არ მოხდება ეროზიის მკურნალობა, მას შესაძლოა მოჰყვეს წყლულის განვითარება, ასევე შესაძლოა განვითარდეს ეროზიებიდან სისხლდენაც.
· როგორ ხდება დიაგნოსტიკა და როდის არის აუცილებელი ენდოსკოპიური გამოკვლევა?
· ეროზიის აღმოჩენის ერთადერთი გზა არის ენდოსკოპია-გასტროსკოპიის ჩატარება. დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ბიოფსიის ჩატარება, რომელიც ენდოსკოპიური კვლევისას ლორწოვანი გარსის მცირე ფრაგმენტის აღებაა ან ტესტირება ჰელიკობაქტერიის გამოსავლენად. დიაგნოზის შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.
· როგორია რეკომენდაციები პაციენტებისთვის? რა უნდა გაითვალისწინონ მათ?
· დაავადების აღმოჩენის შემდეგ პაციენტმა უნდა მიმართოს გასტროენტეროლოგს, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს, მაგალითად როგორიცაა კვების რეჟიმი.
· ნიუ ჰოსპიტალსში კუჭის ეროზიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
· ნიუ ჰოსპიტალსში კუჭის ეროზიის დიაგნოსტირება ხდება როგორც ენდოსკოპიური წესით, ასევე არის მეორე მეთოდი, რომელსაც ენდოკაფსულა ჰქვია. ენდოკაფსულა ძვირადღირებული კვლევაა, რომლის დროსაც ზონდის გადაყლაპვის ნაცვლად, პაციენტი ყლაპავს კაფსულას. კაფსულაში არის ვიდეოკამერა, რომელიც აკეთებს ჩანაწერს, საყლაპავი მილიდან დაწყებული სწორი ნაწლავის ჩათვლით, შემდეგ კი ხდება ამ ინფორმაციის გაშიფრვა და ზუსტი დიაგნოზის დასმა.