სინამდვილეში მათ [ოპოზიციას] უნდათ პარლამენტში შემოსვლა, ამაზე ოცნებობენ კიდეც – ვფიქრობ, ქვეყნისთვის უკეთესიც კი იქნება, თუ ასეთი უთავმოყვარეო და გაკოტრებული ოპოზიცია არც პარლამენტში იქნება, არც პოლიტიკაში და არც სხვაგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის აქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ახლა უფრო მძიმე და სავალალო მდგომარეობაშია, ვიდრე არჩევნებამდე იყო.
„ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, ვინაიდან ამ ადამიანებმა მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგეს დეზინფორმაციაზე და ტყუილზე. ფაქტი არის, რომ მათ ძალიან მტკივნეული მარცხი იწვნიეს ქართველი ხალხის მხრიდან და ახლა სასაუბრო აღარაფერი აქვთ საკუთარ მცირერიცხოვან ამომრჩეველთან, რომელსაც ისინი ასე უსირცხვილოდ და უპირობოდ ატყუებდნენ და ცდილობენ, რომ ეს ტყუილი და დეზინფორმაცია რაც შეიძლება დიდხანს აცოცხლონ. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და აგენტურული ოპოზიცია იყო ასაკრძალი და ეს ქართული დემოკრატიისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამას თვითონ საკუთარი ქმედებებით ახორციელებენ და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია, რაც ახლა ხდება.
რა თქმა უნდა, სინამდვილეში მათ უნდათ პარლამენტში შემოსვლა, ამაზე ოცნებობენ კიდეც და ეს ჩვენ გვაჩვენა წინა არჩევნების შედეგმაც. რა თქმა უნდა, მათ იგივე წრეზე უნდათ სიარული, მაგრამ მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესიც კი იქნება, თუ ასეთი უთავმოყვარეო და გაკოტრებული ოპოზიცია არც პარლამენტში იქნება არც პოლიტიკაში და არც სხვაგან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.