ნათია მეზვრიშვილი – ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება – ყველაფერი მიმართული იქნება იქითკენ, რომ გამოძიებამ დაადგინოს, თქვენ ყველას მოგეჩვენათ, არანაირი მტკიცებულება არავის აქვს და არჩევნები არ გაყალბებულა

ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაზე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ გამოძიება ყურადღებას მიაქცევს მის მიერ დღეს წარმოდგენილ მტკიცებულებებს ს გაყალბებაზე, სრულყოფილ გამოძიებას ჩაატარებს.
„ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმისკენ, რომ საბოლოოდ, გამოძიებამ დაადგინოს, თქვენ ყველას ყველაფერი მოგეჩვენათ, თქვენ არაფერი წარმოგიდგენიათ, არანაირი მტკიცებულება არავის აქვს და ეს არჩევნები არ გაყალბებულა. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდება, რომ გაყალბებული არჩევნების თვითლეგიტიმაცია მოახდინოს ივანიშვილმა. ვფიქრობ, გამოძიება თუ მიაქცევს ყურადღებას იმას, რაზეც ვისაუბრე, სრულყოფილ გამოძიებას ჩაატარებს. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნები არჩევნებამდე გაყალბდა. არჩევნები მხოლოდ 26 ოქტომბერს არ გაყალბებულა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ გამოკითხვაზე არჩევნების გაყალბების თაობაზე სხვადასხვა მტკიცებულებები წარმოადგინა.
როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, 26 ოქტომბერს არცერთი ინსტიტუტი არ იყო ქვეყანაში დარჩენილი, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრებდა.
„მოვედი პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები არის დასაცავი და მე აქ დღეს პარტიის სახელით ვიმყოფები. ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მტკიცებულებები მოეპოვებინა, რომელიც მათ შორის აქ მოვიტანეთ. ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რაც დღეს გავაკეთეთ და ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ის, რაც ვიხილე ამის მოლოდინი მქონდა. შემიძლია გითხრათ, საით წავა ეს ყველაფერი, აქამდეც ვვარაუდობდი, მაგრამ დღეს დავრწმუნდი. ეს არის ვიწრო გამოძიება, ძალიან ვიწრო მუხლით”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ის ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყებები არჩევნების გაყალბების დეტალური, სიღრმისეული შესწავლით არ დაინტერესდებიან.