ბანკებთან კომუნიკაცია იმდენად გართულებულია, რომ ფინტექ კომპანიებს ბაზრის დატოვება უწევთ – ასოციაცია

ინტეგრირებული და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინტექის ეროვნული სტრატეგია მოამზადა. ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელი დავით კიკვიძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მომზადებულ სტრატეგიასთან მიმართებით კითხვები ბევრია, რასაც კონკრეტიკა სჭირდება.
მისი შეფასებით, სტრატეგიაში უნდა იყოს გაწერილი თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ცენტრალური ბანკი რომ ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს შორის ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი კომუნიკაცია შედგეს.
დავით კიკვიძე ამბობს, რომ დღეს კომერციული ბანკების და ფინტექ კომპანიების კომუნიკაცია იმდენად გართულებულია, რომ ხშირად ფინტექ კომპანიებს ბაზრის დატოვება უწევთ. მისი შეფასებით, აუცილებელია ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური სექტორის დივერსიფიცირებაზე იმუშაოს, რადგან მხოლოდ კომერციულ საბანკო სექტორზე დამოკიდებულება გრძელვადიან პერსპექტივაში რისკებს ქმნის.
“ეროვნულმა ბანკმა უნდა იმუშაოს ფინანსური სექტორის დივერსიფიცირებაზე, მხოლოდ კომერციულ საბანკო სექტორზე დამოკიდებულება გრძელვადიან პერსპექტივაში რისკებს ქმნის. ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს საერთაშორისო პრაქტიკას გადახედოს, განიხილოს და საქართველოში დაამკვიდროს. მე დარწმუნებული ვარ ისინი კარგად ხედავენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში მნიშვნელოვნად იზრდება მოდელები, რითაც კომერციული ბანკების ფინტექ კომპანიებთან კოლაბორაცია ფინანსური სექტორის ღერძი ხდება, იმიტომ რომ ბანკები ხდებიან სერვისების მწარმოებლები, თუმცა მათი დისტრიბუტორები ფინტექ კომპანიები არიან. შესაბამისად, მათ შორის კომუნიკაცია არის იმდენად ჯანსაღი და დალაგებული, რომ იქმნება ინოვაციები. შესაბამისად, საქართველოში ამ მოდელის განვითარებასაც ვხედავ.
დღეს გვაქვს რიგი საქმეები, როცა კომერციული ბანკების და ფინტექ კომპანიების კომუნიკაცია იმდენად გართულებულია, რომ ხშირად ფინტექ კომპანიების ოპერირება/ვერ ოპერირების საკითხიც კი დგება. იმდენად რთულია ბანკებთან კომუნიკაციის დამყარება და ხშირად ბანკებიც იყენებენ თავის პრიორიტეტულ მდგომარეობას, რომ ფინტექ კომპანიებისთვის ასეთ პირობებში ხშირად აზრი აღარ აქვს კომერციულ ბანკებთან ურთიერთობას და უწევთ ბაზრიდან გასვლაც კი”, – ამბობს დავით კიკვიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტრატეგიის პირველადი ვერსია უკვე გამოაქვეყნა და შესაბამის/დაინტერესებულ/ჩართულ მხარეებს აქტიური კომუნიკაციისა და სტრატეგიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისკენ მოუწოდებს.
ფინტექ ასოციაციაში ამბობენ, რომ პირველად დოკუმენტთან მიმართებით შესაბამისი შენიშვნები ცენტრალურ ბანკში გადაიგზავნება.