ამ ეტაპზე რესპუბლიკელი კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 10 შტატში იგებს. დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ანგარიშზე კი 7 შტატია. თუმცა, ჯერჯერობით უცნობი რჩება ის, თუ ვინ მოიგო გადამწყვეტ, შვიდ მერყევ შტატში.
გადამწყვეტ შტატებს შორის წელს ასახელებენ შემდეგ მერყევ შტატებს: ჯორჯია, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია, არიზონა, მიჩიგანი, ნევადა და ვისკონსინი. გამოკითხვების მიხედვით, ორივე კანდიდატს ამ შტატებში თანაბარი რეიტინგები აქვს.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ ამ გადამწყვეტ შტატებში კანდიდატთა შედეგებმა სულ ცოტა საათები, ან შესაძლოა, დღეების განმავლობაშიც კი დააგვიანოს. ვაშინგტონის დროით, საღამოს 8 საათზე ამერიკის შტატების ნახევარში, 25 შტატში საარჩევნო უბნები უკვე დახურული იყო.
ელექტორების ხმებით, ჯერჯერობით დონალდ ტრამპი ლიდერობს. მის აქტივზე ამ ეტაპზე ელექტორთა კოლეგიის 101 ხმაა, კამალა ჰარისმა კი 71 ელექტორის ხმა მოიპოვა.