დასრულდება თუ არა უაზროდ დაგეგმილი სტადიონების მშენებლობის ეპოქა?

ბოლო დროს სამი ისეთი სტადიონის მშენებლობის ამბავი შევიტყვეთ, რამაც თან გაგვახარა და თან… დაგვაფიქრა. მივყვეთ თანამიმდევრობით…
ს “ფაზისის” სტადიონის მოწესრიგება დაიწყო, ბალახის საფარი შეიცვლება, რასაც არენაზე მეოთხე ტრიბუნის აშენებაც მოჰყვება და სავარაუდოდ ახალი სეზონიდან “კოლხეთი 1913” მშობლიურ ქალაქს დაბრუნდება – ეს სოციალურ ქსელში “კოლხეთის” გვერდზე გავრცელებული ვიდეოდან გახდა ცნობილი.
ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძისა და პარლამენტარ გიორგი ხახუბიას საუბრიდან შევიტყვეთ, რომ მინდვრის საფარის გარდა, შეიცვლება სადრენაჟო და საირიგაციო სისტემა, ხოლო საფარის მოსავლელად “ფაზისის” არენის ადმინისტრაციას სპეცტექნიკა გადაეცემა. ამას გარდა, საუბარია ბაზის რეაბილიტაციაზე, რადგან გუნდს სავარჯიშო მოედნისთვის ტერიტორია მალთაყვის მიმდებარედ გამოუყვეს, სამუშაოებს კი ბრიტანული კომპანია წარმართავს.
რაც შეეხება “ფაზისის” სტადიონზე მეოთხე ტრიბუნის აშენებას – მიზანი კატეგორიის გაზრდა და უეფა-ს სტანდარტების დაკმაყოფილებაა. ამის გარეშე, “კოლხეთი” საშინაო თამაშებს ფოთში ვერ ჩაატარებს. მინდვრის საფარის გარდა, სტადიონზე მოსაწესრიგებელი იყო ტრიბუნა, ტაბლო და ხმის გამაძლიერებელი სისტემა. შესაბამისად, სამუშოების დასრულებამდე, ფოთის “კოლხეთი” საშინაო მატჩებს ქობულეთის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე მართავს.
შეგახსენებთ, რომ “კოლხეთი” საქართველოს თასის ნახევარფინალშია გასული, სადაც 5 ნოემბერს თბილისის “დინამოს” გასვლაზე დაუპირისპირდება. ეს გუნდისთვის შანსია, რომ ტიტული მოიპოვოს და წლების შემდეგ ევროთასებზე პირველად ითამაშოს. ფოთის სტადიონის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ამ პერსპექტივამაც განაპირობა.
საფეხბურთო კლუბი “თელავი” ამ დღეს დიდი ხანია ელოდა – თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე, ახალრეაბილიტირებული სათადარიგო მოედანი გაიხსნა. ამას წინაპირობები ჰქონდა.
2019 წელს დამტკიცდა გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის სრული რეკონსტრუქციის პროექტი. 8 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი გადახურული უნდა ყოფილიყო, ინფრასტრუქტურას თელავის მუნიციპალიტეტი მიხედავდა, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ბუნებრივ საფარს დააგებდა…
პანდემიის გამო პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. ამის გამო, 2019 წლიდან მოყოლებული, საფეხბურთო კლუბი სარაგბო კომპლექს “კავკასიონი რაგბი არენაზე” თამაშობს. დიახ, უსტადიონოდ დარჩენილ კახეთის მთავარ საფეხბურთო კლუბს რაგბის კავშირი და კომპლექსის ხელმძღვანელობა გვერდში უდგას…
“თელავისთვის” სათადარიგო არენის მოწყობა შარშან გადაწყდა და საბედნიეროდ, განხორციელდა კიდეც. პროექტი რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა – “ჩოხელი არენა 2-ს” სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დაიგო ახალი, ბუნებრივსაფარიანი მოედანი, რომელსაც სარწყავი და სადრენაჟო სისტემაც აქვს, დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემა, სტადიონის სიახლოვეს აშენდა ტექნიკური შენობა, გასახდელები და სველი წერტილები.
მაყურებელთა ტრიბუნა კი ჯერჯერობით, 750 ადამიანზეა გათვლილი. ამის გამო “თელავი” ახალ არენაზე მოემზადება, მაგრამ სეზონის ბოლომდე დარჩენილ სამივე საშინაო შეხვედრას (“კოლხეთთან”, “სამგურალთან” და “სამტრედიასთან”) მაინც “კავკასიონი არენაზე” გამართავს, რომელიც 2500-მდე მაყურებელს იტევს – ყოველ შემთხვევაში, ეროვნული ლიგის ვებგვერდზე ასეა მითითებული…
ბოლო წლებში სტადიონი ბევრ დიდ თუ პატარა ქალაქში აშენდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საფეხბურთო ქალაქი ზუგდიდი უსტადიონოდაა. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაანგრიეს ძველი არენა, რომლის შემცვლელი ჯერ არ აშენებულა და ქალაქის ერთადერთი გუნდი “ოდიში 1919” განმუხურში თამაშობს.
ზუგდიდში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო. “შპს დაგიმ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სტადიონი რამდენიმე თვის დაგვიანებით ჩააბარა, თუმცა… მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სტადიონზე სერიოზული ხარვეზები იყო და გახსნა არ შედგა.
საქმე ისაა, რომ მინდვრის საფარის გარშემო, სარეკლამო ბანერების ნაცვლად… ბეტონის კედელი ააშენეს, რაც უეფას უსაფრთხოების პარამეტრებს ეწინააღმდეგებოდა – აუტის ხაზთან იმდენად ახლოს იყო, ფეხბურთელებს სერიოზული დაზიანება ემუქრებოდათ. ამას გარდა, ტრიბუნები ისე იყო მოწყობილი, რომ ზოგიერთი ადგილიდან მოედანი სრულად არ ჩანდა. მთლიანობაში, ამ სტადიონის მშენებლობაზე დახარჯული თანხები წყალში გადაიყარა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 30 მაისს წელს ახალი ტენდერი გამოაცხადა და უეფა-ს მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის და სათადარიგო მოედნის მშენებლობის დასრულებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 16.3 მილიონი ლარი გამოყო, მშენებლობა კი 2025 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს. ჯერ საუბარია 2400 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე, მერე კი ცენტრალური არენის რეკონსტრუქცია უნდა დაიწყოს.
…ეს, წესით, ეს მშენებლებმა ჩვენზე უკეთ უნდა იცოდნენ, მაგრამ იმ გაუგებრობების გათვალისწინებით, რასაც საქართველოში ამ კუთხით ვაწყდებით, კარგი იქნება, თუ გარკვეულ ელემენტარულ წესებს დავიცავთ.
ასე, მაგალითად – შესანიშნავია, ფოთის “ფაზისის” სტადიონის მოწესრიგება რომ დაიწყო, მაგრამ ადრე არაერთი პრეცედენტი იყო, როცა სტადიონზე ტრიბუნები სხვადასხვა დროს აშენდა, შუალედში კი საფარი დააგეს. ცუდი ისაა, რომ სამშენებლო მტვრისგან საფარი დაზიანდა და ახლიდან დასაგები გახდა.
თელავის სტადიონს რაც შეეხება, 750-ადგილიანი ტრიბუნისთვის კიდევ ერთი ამდენის მიმატების შემთხვევაში, გუნდი “კავკასიონი რაგბი არენას” ახლავე დატოვებდა, საკუთარ სახლში დაბრუნდებოდა და ახალი სტადიონით წელსვე ისარგებლებდა.
ამას, მაქსიმუმ, 300 ათასი ლარი სჭირდებოდა. ისედაც, ერთტრიბუნიანი სტადიონი მაინცდამაინც ლამაზი არ არის და ფეხბურთელებიც ისე კომფორტულად ვერ გრძნობენ თავს, როგორც შეკრულ სტადიონზე – ფეხბურთი კი განწყობაზეა დამოკიდებული.
ზუგდიდზე კი ქართული სტადიონების მშენებლობის პრობლემა ერთიანად აისახა, განსაკუთრებით, დროის ფაქტორი – თითქმის ყველაფერი მეტისმეტად გაწელილია. არადა, 7-ათასიანი სტადიონის აშენება ერთ წელიწადშიც არ არის შეუძლებელი. ევრო 2023-ისთვის მზადებისას “რამაზ შენგელია არენისა” და “მიხეილ მესხის” რეკონსტრუქციამ აჩვენა, რომ სწრაფად საქმის კეთება საქართველოშიც არის შესაძლებელი.
ვის შემოუტრიალდება ენა, რომ სტადიონის მშენებლობაზე ცუდი თქვას. ამიტომაც გაგვიხარდა, სპორტულ ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებული 2-მილიარდიანი პროექტი რომ დაანონსდა. ამით, წესით, უნდა დასრულდეს სპონტანური, გაწელილი მშენებლობები, რომლის გამო ფული წყალში არაერთხელ ჩაიყარა. საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, რომ მილიონებს ასე დაუდევრად მოვექცეთ!..
lelo.ge