გორის სასამართლომ უბნების ბათილობაზე კოალიცია ჩემი ხმის სარჩელი არ დააკმაყოფილა

გორის რაიონულმა სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გოგატიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მან არ დააკმაყოფილა სადამკვირვებლო კოალიცია ჩემი ხმის სარჩელი, რომლითაც კოალიცია გორის 32-ე საარჩევნო ოლქის 14 უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდა. ასევე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა ექსპერიმენტის ჩატარებაზე.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სადამკვირვებლო კოალიცია ჩემი ხმის საჩივრების განხილვა დასრულდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც.
ქუთაისში მოსამართლეთა კოლეგიას გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. მათ განმარტეს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მხარეებს შეატყობინებენ.
ქუთაისში სხდომის მიმდინარეობისას კოალიცია ჩემი ხმის წარმომადგენელმა მოსამართლე შოთა სირაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ექსპერიმენტის ჩატარების შუამდგომლობა.
ხვალ, 6 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელებს 14:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში განიხილავენ.
ფარულობის დარღვევაზე არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები დღეს უნდა განხილულიყო, თუმცა საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა.