ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა – ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს ისრაელ კაცი დაიკავებს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ს თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა და თავად ნეთანიაჰუმ გაავრცელეს.
“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა ნდობა და იყო ნაყოფიერი მუშაობა, ბოლო თვეებში ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის ეს ნდობა გაიბზარა”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.
ნეთანიაჰუს თქმით, ის და გალანტი ვერ თანხმდებოდნენ ომის მართვაზე, გალანტი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდა და ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომლებიც კაბინეტის გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებოდა.
როგორც მედია წერს, ნეთანიაჰუმ გალანტს ირიბად ისრაელის მტრების დახმარებაც დააბრალა.
“ბევრი მცდელობა მქონდა ამ სხვაობების შესამცირებლად, მაგრამ ისინი მხოლოდ იზრდებოდა. მათ შესახებ ასევე საზოგადოებამაც გაიგო მიუღებელი ფორმით, და ამაზე უარესი, მათ შესახებ მტერმაც გაიგო – ჩვენმა მტრებმა ამით ისიამოვნეს და ამისგან ბევრი სარგებელი მიიღეს”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აღინიშნება, რომ გალანტს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ჩაანაცვლებს. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას კი გიდეონ საარი დაიკავებს.
ოპოზიციის ლიდერებმა, “დემოკრატების” თავმჯდომარემ იაირ გოლანმა და “ეროვნული ერთიანობის” თავმჯდომარემ, ბენი განცმა ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. განცმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას “ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე პოლიტიკა” უწოდა.