ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს 47-ე პრეზიდენტს აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს რესპუბლიკური პარტიიდან ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან.
ქართველ ანალიტიკოსებს უჭირთ არჩევნების შედეგების პროგნოზირება. ვის დარჩება გამარჯვება? კითხვაზე პოლიტიკოსი გია ხუხაშვილი გვპასუხობს, რომ ეს რთული სათქმელია. ,,ძალიან რთული კითხვაა, რადგან ამაზე პასუხი არავის აქვს.”- ამბობს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგს ვკითხეთ, როგორ შეიცვლება საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არჩევნების შემდეგ? რა მოხდება ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში? ან რა განვითარება ექნება ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას ჰარისის არცევის შემთხვევაში? ანალიტიკოსი გვპასუხობს, რომ ურთიერთობებში რადიკალური ცვლილებების მოლოდინი არ აქვს. გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის განსხვავება არის, თუმცა შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დიდ ცვლილებას არ განიცდის.
,,ამერიკული გრძელვადიანი ინტერესები, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში უცვლელი დარჩება. ეს ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს, რასაც საქართველოს ხელისუფლება ნერგავს, რომ ამერიკაში ხელისუფლება შეიცვლება და რადიკალურად შეიცვლება ურთიერთობები და ყველაფერი დალაგდება. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ტაქტიკური განსხვავებები ბუნებრივია არის ამ ორ არჩევანს შორის. ამერიკას აქვს თავისი ინტერესები მთელს სამყაროში. გარდა ამისა, აქვს გარკვეული ფასეულობათა სისტემა. დემოკრატიული პარტიისთვის მნიშვნელოვანია ფასეულობების მეშვეობით საკუთარი ინტერესების გატარება. ტრამპი მზად არის, რომ ამათუ იმ ქვეყანას, თუ მისი ინტერესები არის დაცული, რაღაცაზე თვალი დაუხუჭოს. აი ამაშია განსხვავება. ზუსტად ამის იმედზეა ,,ქართული ოცნება“, რომ ამ მამაძაღლობაზე, ამ არა დემოკრატიულობაზე, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილებაზე, ინსტიტუციურ მოუწესრიგებლობაზე, უსამართლობაზე – ამ ყველაფერზე ტრამპი თვალს დახუჭოს, თუ ამერიკის ინტერესები მეტ-ნაკლებად დაცული იქნება. სტრატეგიულად, ვინც არ უნდა იყოს ამერიკის პრეზიდენტი, იმას რასაც დღეს ქართული ხელისუფლება აკეთებს, არა თუ მოუწონებს ტრამპი, არამედ ბევრად უფრო ხისტი იქნება დამოკიდებულებაში. თუ აქ რაღაცები შეცვალა ხელისუფლებამ და ამერიკის ინტერესების დაცვის რეჟიმზე გადავიდა, ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაცებზე თვალი დაუხუჭონ. აქ საკითხია, რანაირად მოახერხებს ჩვენი ხელისუფლება ამერიკის ინტერესების გათვალისწინებას საქართველოში, სადაც რუსეთი უკვე ასე ღრმად არის შემოსული. რუსეთს რას ეტყვის? რანაირად გააკეთებს ამას? წარმოუდგენელია. მე არ მგონია, რომ ამ არჩევნების შედეგებმა ჩვენს ხელისუფლებას რეალური ინსტრუმენტი მისცეს აშშ-თან ურთიერთობების დალაგებისთვის.”- აცხადებს გია ხუხაშვილი.