გორის სასამართლომ ISFED-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

გუშინ, 4 ნოემბერს, გორის რაიონულმა სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვდა 15 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა დათვლასა და ამ უბნების თავმჯდომარეებისა და მთვლელებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.
როგორც ISFED-ის წარმომადგენელმა, რატი თინიკაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, გორის სასამართლომ მხოლოდ უბნების ხელახლა დათვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვენი ინფორმაციით, უკვე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა ამ საქმეზე“, – განაცხადა რატი თინიკაშვილმა.
კენჭისყრის დღიდან ამ დრომდე „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინა 302 საჩივარი. საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში ორგანიზაციამ წარადგინა 14 სარჩელი, რომელიც ჯამში 34 უბანს უკავშირდება. სასარჩელო მოთხოვნები ძირითადად უკავშირდებოდა: საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას (მაგალითად, მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე), შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და შედეგების ხელახალ დათვლას; დამრღვევი კომისიის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ამ ეტაპისთვის, განხილული 12 სარჩელიდან მხოლოდ 1 სარჩელი დაკმაყოფილდა. დარჩენილია 2 სასამართლო სხდომა, რომელზეც შედეგების ხელახლა დათვლის მოთხოვნა უნდა განიხილონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას