პარტია „გირჩი“ 9 ნოემბერს, 19:00-ზე პარლამენტის წინ აქციას აანონსებს.
„გირჩის“ მოთხოვნაა, ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს ერთ ვირიანი ვადა მიეცეს.
„დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებთ არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები. დაგვიჭირე მხარი და შემოუერთდი ჩვენს გეგმას, რათა ფეიქ-რევოლუციის ნაცვლად, ახალი არჩევნებისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა!“, — ნათქვამია „გირჩის“ მიმართვაში საზოგადოებისადმი.
„გირჩის“ აზრით:
· უნდა ჩამოყალიბდეს ერთადერთი მოთხოვნა – „ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები“;
· ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად დაიწყოს დიდი მიტინგის დაორგანიზება შაბათს;
· პარალელურად დასავლელ პარტნიორებთან შედგეს მოლაპარაკება, რომ თუ მიტინგის მეშვეობით გამოხატული ხალხის პოზიცია ცალსახა იქნება, ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს;
· საჯაროდ უნდა დაითქვას მიტინგზე მოსული ხალხის რაოდენობის დადგენის თვალნათელი ხერხი, რათა უკვე მიტინგის დროს ხალხმა იცოდეს, რამდენნი არიან.
· თუ ორივე პირობა — აქამდე არნახული მასშტაბის მიტინგი და პარტნიორების მხარდაჭერა ერთდროულად შესრულდება, ხალხი მიიღებს ხელისუფლების ცვლილების კიდევ ერთ შესაძლებლობას ან ახალი არჩევნებით, ან რევოლუციით.
„ყველა სხვა გეგმა, მათ შორის, კარვები, წრეში-ბურთის თამაში, კონცერტები და სეირნობები, არის ფეიქ-რევოლუციის სცენარი, რომლის მიზანი აპათიისა და ნიჰილიზმის გაღვივება, ხალხის დაღლა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენაა“, — აცხადებს „გირჩი“.
„გირჩი“, ისევე როგორც ბარიერგადალახული ოპოზიცია, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარტიის შეფასებით, ახალი არჩევნების ჩატარების ამ დროისთვის ერთადერთი ლეგიტიმური საფუძველი ფარულობის პრინციპის დარღვევაა.