დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად სოციალური დახმარების ფორმაა, ის იმისთვისაა უმუშევრობის სტატისტიკა კარგად რომ გამოჩნდეს – სოსო ბერიკაშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დასკვნით საარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ „2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება“.
საპირისპიროს ამბობს სტატისტიკური მონაცემები, უფრო ზუსტად კი, 2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7.4%-ით გაიზარდა და 682 738 ადამიანი შეადგინა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 454 165 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 228 783 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში შემწეობას 635 769 ადამიანი იღებდა, აქედან 200 191 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული.
ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის შეფასებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა გაზრდილი რიცხვიც კი არ ასახავს იმ მძიმე რეალობას, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.
„682 738 ადამიანი, რომელიც ახლა სოციალურ შემწეობას იღებს, სინამდვილეში უფრო მეტიც შეიძლება იყოს. რეალურად,უფრო მედია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ითხოვენ სოციალურ შემწეობას და არ აძლევს სახელმწიფო. ქვეყნის მიზანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ის, რომ შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზარდოს, მისი მიზანი უნდა იყოს, სიღარიბე შემცირდეს, თუმცა ქართული სახელმწიფო ასე არ მუშაობს. ამათ აწყობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჰყავდეთ დამოკიდებული ამ მინიმალურ შემწეობაზე, რადგან წინასაარჩევნოდ ვისაც ეტყვიან, იმისთვის მიაცემინონ ხმა. ასეთი ტიპის დასაქმების პროგრამები ქვეყნის განვითარებას არ ემსახურება. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ნიშნავს საყოველთაო კეთილდღეობის ზრდას, ამ მინიმალური შემწეობების გადახდას, ეკონომიკაზე დადებითი გავლენა არ აქვს“,- ამბობს ბერიკაშვილი.
ეკონომისტი ასე აღნიშნავს, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა სინამდვილეში ეკონომიკურ დოვლათს არ ქმნის, პროგრამის ბენეფიციარების გაზრდა კი მთავრობას წინასაარჩევნო მანიპულაციებისთვის სჭირდება.
„ცალკე საკითხია, ამ დასაქმების პროგრამაში ჩართული ადამიანები რამდენად არიან დასაქმებულები ან ხომ არ არის ეს „ფეიკ სამუშაო“ ადგილები იმისთვის, რათა უმუშევრობის სტატისტიკაზე გავლენა მოახდინონ.
ორასი ათასი ადამიანი ჩვენთვის ძალიან დიდი რიცხვია, სინამდვილეში ეგ რეალობას არც ასახავს. ამ ადამიანების დასაქმებით უმუშევრობის მაჩვენებელი არ შემცირებულა. ეს რეალურად სოციალური დახმარების სხვა ფორმაა, სტატისტიკაში კარგად რომ გამოჩნდეს- „უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზე“. ეს ყველაფერი მანიპულაციური და ხელოვნურია.
სახელმწიფო სამსახურში რომ ზრდი დასაქმებულთა რაოდენობას, ბიუჯეტზე უფრო მეტი ადამიანი გყავს დამოკიდებული, რაღაცით უნდა დააბალანსო ეს ყველაფერი. რეალურად, ქვეყანას კერძო სექტორი არჩენს, რომელიც ზრდით უნდა გამოირჩეოდეს. ჩვენ შემთხვევაში ასე არაა, ეკონომიკური ზრდა კი გვაქვს, მაგრამ ეს ზრდა ერთეული კომპანიების ზრდის ხარჯზეა, ანუ მდგრადი და ინკლუზიური არ არის“,- თქვა სოსო ბერიკაშვილმა.