გაფართოების 2024 წლის პაკეტში, როგორ შეაფასა ევროკავშირმა საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკა?
2024 წლის 30 ოქტომბერს, ევროკავშირმა გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების 2024 წლის პაკეტი, კერძოდ, – ევროკავშირში გაწევრების სტატუსის მქონე 10 ქვეყნის შეფასებათა ანგარიშები.
საქართველოს ანგარიში 102 გვერდისგან შედგება. შრომისა და დასაქმების პოლიტიკა შედის მე-3 კლასტერის მე-19 თავში. აქ აღნიშნულია შემდეგი:
· ევროკავშირის წესები სოციალურ სფეროში მოიცავს შრომის სამართლის მინიმალურ სტანდარტებს, თანასწორობის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და დისკრიმინაციის დებულებებს, რომლებიც ხელს უწყობენ სოციალურ ჩართულობას, სოციალურ დაცვას და სოციალურ დიალოგს ევროკავშირის დონეზე.
· საქართველოში ინსტიტუციური ჩარჩო არსებობს, მაგრამ საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას. საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს რატიფიცირებული საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის ზოგიერთი კონვენცია, მათ შორის შრომის ინსპექციის შესახებ, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სამსახურში ძალადობისა და შევიწროების შესახებ. საქართველოს შრომის კანონმდებლობა ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, მაგრამ ძირითადი ხარვეზები რჩება.
· 2023 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე ავარიების შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი (2022 წელს კი – 35), დაშავდა 347 (2022 წელს კი 253). მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურად მცირდება სამუშაო უბედური შემთხვევების რაოდენობა, ფატალური უბედური შემთხვევების საშუალო სიხშირე კვლავ უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირში.
· გამოწვევად რჩება არადეკლარირებული სამუშაო, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი დაკავებულია არასასოფლო-სამეურნეო არადეკლარირებული სამუშაოებით (2023 წელს – 27.46%). არადეკლარირებულ შრომაში უფრო მეტი მამაკაცია ჩართული, ვიდრე ქალი (32.46% vs 21.7%) და სოფლად მეტი, ვიდრე ქალაქში (32.7% vs 25.4%).
· დასაქმებასა და სოციალურ პოლიტიკაში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის აღსრულება სუსტია. კონკრეტული ნაბიჯები ეფექტურობის გასაზრდელად სასწრაფოდ საჭიროა. 2024 წლის სექტემბერს მიღებულ იქნა ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი. როგორც ჩანს, იგი სამიზნე ჯგუფად მიიჩნევს LGBTIQ პირებს და, შესაბამისად, წარმოადგენს მოძრაობას არასწორი მიმართულებით, პოტენციურად, ასევე, საბჭოს 2000/78/EC დირექტივის გათვალისწინებით.
· საქართველოს ჯერ კიდევ აკლია ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციისა და ალტერნატიული მზრუნველობის უზრუნველყოფის ეროვნული სტრატეგია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აგრძელებს ბავშვთა დიდი დაწესებულებების დახურვას და ბავშვების გადაყვანას ალტერნატიულ სამსახურებში. 2023 წლის დეკემბერში შეიქმნა პედიატრიული გრძელვადიანი სამედიცინო სოციალური ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების სპეციალიზებულ, გრძელვადიან, კომპლექსურ სამედიცინო დახმარებას და სოციალური მხარდაჭერას.
· ანაზღაურების გარეშე საოჯახო და მოვლის/მზრუნველობის საქმიანობა ხორციელდება ძირითადად ქალების მიერ (ხუთჯერ აღემატება კაცთა მაჩვენებელს). ეს გამოწვეული გაბატონებული სტერეოტიპებით, ამავდროულად, – ქალებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების შეთავაზებით. შეზღუდულია მოვლის/მზრუნველობის სერვისები და ადგილობრივ ტრანსპორტზე შესაფერისი ხელმისაწვდომობა, რაც ასევე არის შრომის ბაზარზე ქალების შეზღუდული მონაწილეობის მთავარი მიზეზი. ქალები უფრო ხშირად არიან სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღებნი, ვიდრე კაცები, ხოლო სქესის ნიშნით ანაზღაურების სხვაობა აჩვენებს, რომ ქალები 24,6%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები.
წყარო:
https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/news/commission-adopts-2024-enlargement-package-2024-10-30_en
https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/document/download/7b6ed47c-ecde-41a2-99ea-41683dc2d1bd_en?filename=Georgia%20Report%202024.pdf
მოგვწერეთ, გვკითხეთ
[email protected]
[email protected]
[email protected]