ისრაელი ღაზასთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნებას იძიებს

ისრაელის სასამართლომ, კვირას, ნაწილობრივ მოხსნა ის შეზღუდვა, რაც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან გაჟონილი დოკუმენტაციის გამოქვეყნებას ეხებოდა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დოკუმენტები სპეციალურად იყო მედიისთვის გადაცემული საიმისოდ, რომ “ჰამასთან” მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, საზოგადოებას ნეთანიაჰუ არ დაედანაშაულებინა. ნეთანიაჰუ ამგვარ გარიგებას უარყოფს და სასამართლოს მოუწოდებდა ეს აკრძალვა მოეხსნა. პრემიერი ამბობდა, რომ ამ კონკრეტულ პირს არასდროს მიუღია მონაწილეობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში და არც მიუწვდებოდა ხელი საიდუმლო დოკუმენტებზე, არც საიდუმლო შეხვედრებს ესწრებოდა.
კვირას მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ მედიას უფლება მისცა მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობა დაესახელებინა, ეს ნეთანიაჰუს ერთ-ერთი მედია-მრჩეველი, ელი ფელდსტაინი აღმოჩნდა. ს მედია წერს, რომ ეს საქმე ეხება ორი ევროპული მედიისთვის, სავარაუდოდ, ფელდსტაინის მიერ დოკუმენტების მიწოდებას.
საუბარია საიდუმლო დოკუმენტებზე, რომლებიც ღაზაში ისრაელის შეიარაღებული ძალების მოქმედებას და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ეხება. სასამართლომ ახლა მხოლოდ ნაწილობრივ გააუქმა პირვანდელი ბრძანება, ამ ინფორმაციის გამოქვეყნების აკრძალვის თაობაზე. მოსამართლე განმარტავს, რომ დაზვერვის ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალების სისტემიდან უკანონოდ იყო მოპოვებული და “გატანილი”, ამას კი შეიძლება სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის და ინფორმაციის წყაროებისთვის რისკი შეექმნა. საბოლოოდ კი, მძევლების გათავისუფლების პროცესისთვის შეეშალა ხელი.
ნეთანიაჰუ მისი თანამშრომლების მხრიდან რაიმე გადაცდომას უარყოფს და შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ მან დოკუმენტების გასაჯაროების შესახებ მედიიდან შეიტყო.
ეჭვმიტანილია ოთხი პირი – ნეთანიაჰუს ახლო წრიდან ერთი პრესსპიკერი და სამი პირი უსაფრთხოების სამსახურებიდან. მათ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამ დოკუმენტის დეტალების შესახებ ინფორმაცია, 6 სექტემბერს, გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” გამოაქვეყნა. ის ისრაელის მედიასაშუალება “ჰაარეცს” ეყრდნობოდა, რომელიც ერთ-ერთია, ვინც სასამართლოს აკრძალვის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.
“ბილდის” ექსკლუზიურ სტატიაში აღწერილი იყო “ჰამასის” მოლაპარაკებების სტრატეგია. იმ დროისთვის ამერიკა, კატარი და ეგვიპტე, ისრაელსა და პალესტინელთა დაჯგუფება “ჰამასს” შორის, რომელიც დასავლურ ქვეყნებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული, მოლაპარაკებებს შუამავლობდა, თუმცა პროცესი ჩიხში შევიდა. სტატია ისრაელის მიერ ღაზის სამხრეთში მოკლული 6 მძევლის პოვნიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა. ამ ფაქტმა კი, მოსახლეობაში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია და ისინი ნეთანიაჰუს მთავრობას მოლაპარაკებებში მძევლების დასაბრუნებლად საჭირო არასაკმარისი ძალისხმევის გამოჩენაში ადანაშაულებდნენ. გასულ შაბათს, რამდენიმე მსხვერპლის ოჯახი ჟურნალისტებს შეუერთდა და მათთან ერთად ითხოვს სასამართლოს ბრძანების გაუქმებას. ისინი ამბობენ, რომ მათ უფლება აქვთ იცოდნენ, თუკი მათი ოჯახის წევრების შესახებ სამხედრო დაზვერვას რაიმე ღირებული ინფორმაცია ჰქონდა.
ღაზაში ისრაელის ომი, „ჰამასის“ წინააღმდეგ, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს და მოკლეს 1200-ზე მეტი ადამიანი, 250 კი მძევლად აიყვანეს. ამ დრომდე, „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება 100 მძევალი, მათ შორის, არსებული ინფორმაციით, არიან მცირეწლოვნებიც. მასზე თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელსაც ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, (რომელსაც “ჰამასი” აკონტროლებს) ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეტწილად ქალებისა და ბავშვების.