ნათია თურნავას ქმედების გამო გვაქვს სტაბილური საფინანსო გარემო – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას საქმიანობას დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პაპუაშვილმა უპასუხა BMG-ის კითხვას ეროვნული ბანკის საქმიანობასთან, მათ შორის წინასაარჩევნოდ რეკორდულ ინტერვენციებთან დაკავშირებით. ის მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი ძალიან გამართულად მუშაობს.
ამასთან, იმის მიუხედავად, რომ ნათია თურნავას სახელს უკავშირდება სანქციების აღსრულების წესთან დაკავშირებით სადავო გადაწყვეტილება და Global Finance-მა მისი საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა, პაპუაშვილის მიიჩნევს, რომ სწორედ ნათია თურნავას ქმედების გამო გვაქვს სტაბილური საფინანსო გარემო.
“მე როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იმ ორგანოსი, რომელიც გარკვეულწილად ზედამხედველობას უწევს ეროვნულ ბანკს, ქალბატონი ნათიას საქმიანობას ვაფასებ ძალიან დადებითად. ზუსტად მისი ქმედების გამო გვაქვს ჩვენ სტაბილური საფინანსო გარემო, ზუსტად მისი ქმედებების გამო ვერ განხორციელდა საქართველოში ის მავნე ზეგავლენები, რომლის ერთ-ერთი სამიზნეც იყო ქართული ლარი და მასზე თავდასხმაც იყო ერთ-ერთი ნაწილი დეზინფორმაციის კამპანიისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდიოდა. ამიტომ დიდი მადლობა ქალბატონ ნათიას. 8 ნოემბერს, ბანკირის დღესთან დაკავშირების ამას მას და დამსწრე საზოგადოებასაც პირადად მოვახსენებ”,- თქვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება სანქციების საგამონაკლისო წესს, რომელიც ნათია თურნავამ -ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ მიიღო, პაპუაშვილის თანახმად, ეს იყო ყველაზე სწორი და დროული გადაწყვეტილება.
“ჩვენ იმ მომენტში აღმოვაჩინეთ, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა უცხო ქვეყანამ და იურისდიქციამ ჩვენი მოქალაქეები გააქრონ. ყოველგვარი დასაბუთების, ღია სასამართლოს გარეშე ჩვენი მოქალაქეები საერთოდ გააქრონ ფინანსური სისტემიდან. რა თქმა უნდა, ამას ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაუშვებს და არც უშვებს.
იმ ბრძანებაში წერია, რომ თუკი ჩემი მოქალაქე გინდა გააქრო საბანკო სისტემიდან, კეთილი ინებეთ, წარმოადგინეთ მტკიცებულებები ქართულ სასამართლოში, გაიარეთ საჯარო პროცედურები, ისე, როგორც ეს ცივილიზებულ სასამართლოში ხდება”,- განაცხადა პაპუაშვილმა.
bm.ge