არასტანდარტული მანდარინის სუბსიდია წლიდან წლამდე იზრდება.
წელს, არასტანდარტული 1 კგ. მანდარინის სუბსიდირება 10 თეთრით 30-დან 40 თეთრამდე გაიზარდა – ამის შესახებ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
კომპანია „აგროინვესტსერვისის“ დირექტორს, ვაჟა მკურნალაძეს სუბსიდირების ფასის გაზრდა გონივრულად არ მიაჩნია. როგორც ის „კომერსანტთან“ ამბობს, სახელმწიფოს მიზანი არასტანდარტული ხილის რაოდენობის შემცირება უნდა იყოს და არა სუბსიდირების თანხის მუდმივი ზრდა.
„თუ წინა წლებში 50-50-ზე იყო არასტანდარტულ ციტრუსზე გადასახდელი თანხა, ახლა ბიუჯეტიდან სუბსიდირების ზრდის პარალელურად მცირდება თვითონ საწარმოს მიერ გადასახდელი თანხა 5 თეთრზეა ჩამოსული. მიზანი უნდა იყოს, რომ გაიზარდოს სტანდარტული მანდარინის მოცულობა და არა პირიქით; ყოველ წელიწადს იზრდებოდეს არასტანდარტული ციტრუსის დაფინანსება, მე არ გამიგია”,- თქვა „აგროინვესტსერვისის“ დირექტორმა.
მიმდინარე წელს ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ – გადამმუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
,,ჩაბარებას რაც შეეხება ორი საკონსერვო საწარმოა ქობულეთში. ბოლო წლებია, ერთს არ უმუშავია. „აჭარა ჯგუფი“ უწყვეტად მუშაობს, წელს როგორც ინფორმაცია გავრცელდა, ორივე მზადაა, არასტანდარტული ციტრუსი ჩაიბაროს. წელს მანდარინის ხარისხი კარგია, ვინც სულ უვლის და ყველა ღონისძიებას ატარებს მოსავლის აღებამდე. უხარისხო მანდარინს საექსპორტო ბაზარი საერთოდ არ იღებს, არ იყიდება. ბოლო წლებია, ფერმერები ხვეწავენ ტექნოლოგიებს, აუმჯობესებდნენ აგრო-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების ხარისხს და თავადაც მზად არიან, რომ ხარჯი გასწიონ. ჯერჯერობით ამინდი კარგია, ნოემბრის თვე სახიფათოა, სეტყვა ამ დროს იცის. 2 კვირა გადაუღებლად წვიმდა, მაგრამ რაღაც მასობრივად ცუდი ამინდები არ ყოფილა. ბოლო წლებში, ვინმე ფერმერს მოსავლის მოყვანაში დახმარებოდეს, მხოლოდ მზა მოსავლის სუბსიდირება ხდება. შხამ-ქიმიკატების შეძენაში ვინმე ფერმერს დახმარებოდეს ასეთი რამ მე არ მსმენია“,- აღნიშნა ვაჟა მკურნალაძემ.
ცნობისთვის, არასტანდარტულ მანდარინში ითვლება ყველა ის მანდარინი, რომელიც არ არის განსაზღვრული ბაზარზე სრულად რეალიზაციისთვის.
