„მოსალოდნელია, რომ წელს ბანკების მოგება 3-მილიარდიან ზღვარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია”- დავით რუსია

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული იანვარ-სექტემბრის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომერციულმა ბანკებმა ცხრა თვე 2 301 830 000 ლარის წმინდა მოგებით დახურეს. ზარალზე კი 17-დან 5 ბანკი გავიდა – „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პეისერა ბანკი საქართველო“, „ჰეშ ბანკი“ და „პეივ ბანკ ჯორჯია“.
საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის დავით რუსიას თქმით, საბანკო სექტორის მოგების მაქსიმუმამდე ზრდა იმ ხარისხიან მომსახურებას უკავშირდება, რომელსაც კომერციული ბანკები მომხმარებლებს სთავაზობენ.
„უნდა აღინიშნოს, რომ ზრდა მთლიანად საბანკო სექტორს ახასიათებს, რაც ძალიან მისასალმებელია.
თუ წლის ჭრილში განვიხილავთ, წლის ბოლოსთან შედარებით, სისტემა გაზრდილი არის 13.25%-ით; ხოლო თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ- 21%-ით.
საბანკო სექტორი იმდენად სტრუქტურირებული და გამართულია, რომ ის ადვილად იყენებს მასშტაბის ეფექტს, რაც გულისხმობს ერთეულოვანი ოპერაციის შესრულებაზე ნაკლები რესურსისა და დროის დახარჯვას.
საბანკო სექტორი ერთ-ერთი პიონერია, რომელმაც ციფრული არხების განვითარება დაიწყო, რაც ხელს უწყობს, რომ უფრო მეტ მომხმარებელს შეუძლია ბანკში მიუსვლელად, დისტანციურად მიიღოს მომსახურება. ამასთან, ქართული საბანკო სისტემა ყოველთვის გამოირჩეოდა ხარისხით და მომსახურების სისწრაფით, რაც შემდეგ მოგებაში კონვერტირდება.
მოსალოდნელია, რომ წელს საბანკო მოგება 3 მილიარდიან ზღვარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
სექტემბრის მონაცემებით, საბანკო სისტემამ 90.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ხოლო საკრედიტო პორტფელმა – 60.5 მილიარდ ლარს. ორივე მიმართულებით ორნიშნა ზრდა გვაქვს: აქტივებში წლის ბოლოსთან შედარებით დაახლოებით 13.25%-იანი ზრდა გვაქვს, ხოლო საკრედიტო პორტფელის შემთხვევაში 12.50%-იანი ზრდა“,- თქვა დავით რუსიამ.