საერთაშორისო და რუსი დამკვირვებლები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას, შეუძლია თუ არა კრემლს ძვირადღირებული ომის წარმოება დიდი ხნის განმავლობაში. მათი მოსაზრებები ძალიან განსხვავებულია. ნაციონალისტები ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ საქმეს „საბოტაჟის“ სუნი ასდის.
პიტერ იუნგბლუტი თვალს ადევნებს რუსულ მედიას, ტელეგრამ-არხებს და სოციალურ ქსელებს, აფასებს და კლასიფიცირებას უკეთებს იქ გამოთქმულ შეფასებებს. მისგან შეგვიძლია გავიგოთ, როგორ უყურებს რუსულენოვან სამყაროში მცხოვრები მილიონობით ადამიანი მიმდინარე მოვლენებს.
„მაცივარი ამარცხებს ტელევიზორს“, – ასე ახასიათებს ემიგრაციაში მყოფი რუსი პოლიტოლოგი, აბას გალიამოვი რუსეთში დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობას. მას მხედველობაში აქვს ის ფაქტი, რომ ინფლაციის გამო, ზოგიერთი საკვები პროდუქტი, როგორიცაა, მაგალითად, კარაქი, რუსი მომხმარებლებისთვის სულ უფრო მიუწვდომელი ხდება.
რუსული ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებმა უკვე გამოაცხადეს, რომ მომავალ წელს ფასები დაახლოებით 20 პროცენტით გაიზრდება. ამავდროულად, სატელევიზიო პროპაგანდა მაყურებელს არწმუნებს, რომ რუსეთის ეკონომიკაში ყველაფერი ბრწყინვალედ მიდის. გალიამოვი ენამოსწრებულად შენიშნავს, რომ „ტელევიზორი“ ბევრ მომხმარებელზე შთაბეჭდილებას აღარ ახდენს, რადგან ხალხის მაცივრები ომით გამოწვეული ინფლაციით არის გადავსებული.
თავად პუტინი ეკონომიკაში არსებულ „პრობლემებსა და დისბალანსებზე“ საუბრობს: „ისინი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია სირთულეებთან, რომლის პირობებშიც გვიწევს ქვეყნის ინდუსტრიული, სასოფლო-სამეურნეო და ფინანსური პოტენციალის გაზრდა. ეს არის, ერთი მხრივ, სანქციები და, მეორე მხრივ, სტრუქტურული ბარიერები, მათ შორის – კადრების, ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის დეფიციტი. ეს ფაქტორები სამომხმარებლო ფასების დინამიკაზეც აისახება“.
მუდმივად მზარდი საპროცენტო განაკვეთებისა და ვალუტის გაუფასურების ფონზე, მემარჯვენე ექსტრემისტები, როგორიცაა, მაგალითად, სერგეი მირონოვი, კატეგორიულად ითხოვენ ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის, ელვირა ნაბიულინას გადადგომას, რომლის მონეტარული პოლიტიკა „ბარბაროსულია“: „საბოტაჟი, მას სხვა არაფერი შეუძლია!”.
რუსეთის სამხედრო ეკონომიკა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ფულის მიწოდება კი ქვეყანაში ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საქონლის შეთავაზება. ამაზე თითქმის ყველა თანხმდება. საკითხავია, რამდენ ხანს ექნება პუტინს საკმარისი ფული. ჟურნალ Foreign Policy-ის ექსპერტი, აგატა დამარე მიიჩნევს, რომ მალე რუსეთი ფინანსური უფსკრულის პირას დადგება და თავს უფლებას ვეღარ მისცემს, რომ სამხედრო კამპანია დიდხანს გააგრძელოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად, ექსპერტი იშველიებს რუსული ტექნოლოგიური და იარაღის მწარმოებელი სახელმწიფო კომპანია „როსტეხის“ ხელმძღვანელის, სერგეი ჩემეზოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მაღალი საპროცენტო განაკვეთები ნებისმიერ ინდუსტრიულ განვითარებას „ფაქტობრივად შეუძლებელს“ ხდის, რადგან ის მთელ მოგებას შთანთქავს და ამის გამო, რეინვესტირება შეუძლებელია.
ნაციონალისტურად განწყობილი რუსი მიმომხილველი, ელენა პანინა ჩემეზოვის ამ განცხადებას ნაბიულინას გასაკიცხად იყენებს: „თუ ჩვენი ცენტრალური ბანკი, უკვე მესამე წელია, ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ჩვენი მტრები ელიან, მაშინ, შესაძლოა, ცენტრალური ბანკის პოლიტიკის კორექტირება უკვე დაგვიანებულია“.
პანინას რუსეთის ოქროს მარაგების იმედი აქვს და თავს გროტესკული არგუმენტით ინუგეშებს: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფრო ეფექტური საწარმოო რგოლებისა და პენტაგონის კონტრაქტორებზე ნაკლები კორუფციის წყალობით, რუსული ყუმბარები ნატო-ს ანალოგებზე 75 პროცენტით იაფია. ასე რომ, კითხვაზე, ვინ ვისი დაკრძალვის პროცესიას დაესწრება, პასუხის გაცემა გაცილებით რთულია“. რუსეთში კორუფციის ფართოდ გავრცელების საკითხს პანინა შეგნებულად უვლის გვერდს და ამბობს, რომ „გადარჩენისთვის ბრძოლაში ფულს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს“.
კრემლის კრიტიკოსი ეკონომისტი იგორ ლიპსიცი, რომლის სტატიები დასავლურ მედიაშიც ქვეყნდება, დარწმუნებულია, რომ პუტინი მალე ეროვნული გაკოტრების ფაქტის წინაშე აღმოჩნდება: „საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის პოლიტიკა მომავალ წელს ეკონომიკის კოლაფსით და საბიუჯეტო კრიზისით დასრულდება. საპროცენტო ხარჯები გაიზრდება ფინანსთა სამინისტროსთვისაც, რომელსაც ომისთვის საკმარისი ფული არ აქვს“. მისივე თქმით, ინფლაციური ქვაბი აფეთქების პირასაა: „რეჟიმი ალტერნატივის წინაშე დგას: მარჯვნივ თუ წახვალ, ცხენს დაკარგავ, თუ მარცხნივ წახვალ, – თავს დაკარგავ“. ცენტრალური ბანკი სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს.
იმავდროულად, რუსეთის სტატისტიკურმა სააგენტომ შეწყვიტა ინფლაციის შესახებ დეტალური მონაცემების გამოქვეყნება, რასაც დამკვირვებლებმა „შემაშფოთებელი სიგნალი“ უწოდეს. პოლიტოლოგი ანატოლი ნესმიანი, რომელსაც უყვარს პოლემიკური კომენტარების გაკეთება, წერს, რომ პუტინის „ფანტომური ტკივილი“ იზრდება: „რეჟიმი ქვეყანას ბანანის რესპუბლიკად აქცევს. სიღარიბე, დიქტატურა და გაუთავებელი პროპაგანდა – საღი აზრის გარდა, კიდევ რა არის საჭირო სუვერენული ქვეყნის ასაშენებლად?“.
წყარო: 1 არხი